საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე: “დასასრულს უახლოვდება რუსეთში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ამ სახელმწიფოს ხელისუფლების მოწადინებით, უმაღლეს დონეზე ჩატარდა. მასპინძელი ქვეყნის მიმართ ყოველი უცხოური დელეგაცია მადლობას გამოხატავს და საქებარ სიტყვებს არ იშურებს. რუსებმა მსოფლიოს აჩვენეს თავიანთი გულწრფელი სტუმართმოყვარეობა, რამაც ყველა მოხიბლა.
უკმაყოფილონი მხოლოდ პოლიტიკური ქაოსითა და უკიდურესი ეკონომიკური სიდუხჭირით მოცულ საქართველოში მოიძებნებიან, დასავლეთის მიერ ასევე გაბითურებულ და არეულ-დარეულ უკრაინას თუ არ ჩავთვლით. ამის ნათელი მაგალითია ე. წ. «საზოგადოებრივი მაუწყებელი», რომელსაც ხელთ აქვს ჩაგდებული საერთაშორისო საფეხბურთო მატჩების ტრანსლირება და კომენტირება. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იძულებულია, სწორედ ამ «საზმაუს» მიერ შერჩეულ კომენტატორებს უსმინოს. საშინელებაა, როდესაც შესანიშნავ სანახაობას – საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატს, თან ახლავს არაკომპეტენტური კომენტარები, როგორც საფეხბურთო, ისე ენობრივი თვალსაზრისით. საინტერესოა, რა პრინციპით შეირჩნენ «საზმაუს» კომენტატორები? ეროსი მანჯგალაძის და კოტე მახარაძის ტრადიციების გამგრძელებლებს ისინი ნამდვილად არ ჰგვანან და სასაცილოცაა ამგვარი პარალელი, სამაგიეროდ, უფრო ბუნებრივი ჩანს მათი კავშირი ტოტალიზატორებთან. თვალთმაქცმა კანონმდებლებმა აკრძალეს სიგარეტის რეკლამა მასმედიაში და მოწევა რესტორნებში, მაგრამ კაზინო-ტოტალიზატორები ისე არიან მოდებულები ყველაფერს, რომ «კოკა-კოლას» შეშურდება ამერიკაში. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ მინახავს ტოტალიზატორების რეკლამა ტელევიზიით, მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირებისას. სამაგიეროდ, «საზმაუ» ტოტალიზატორებისგან იღებს ფულს და ეს სამარცხვინო ფაქტი მსოფლიო ჩემპიონატის «სპონსორობით» არის შეფუთული. ტოტალიზატორების რეკლამას ტელეეთერში ლომის წილი აქვს დათმობილი. კომენტატორებიც შესაბამისი დონის არიან თავიანთი ცოდნით, მეტყველებით, იუმორის დონით, ტაქტის გრძნობით – მთლიანად შეეფერებიან «გამოტოტალიზატორებულ» ტელევიზიას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება.
ამიტომაც არის, რომ «საზმაუს» კომენტატორები ამახინჯებენ ქართულ სალიტერატურო ენას, პირდაპირ ეთერში ხშირად იყენებენ ჟარგონებს, მაგალითად, მათი ფარული კერპის – პრეზიდენტყოფილი სააკაშვილის მიერ პოლიტიკურ ლექსიკონში დანერგილ სიტყვას - «მაგარი». ყოველ მეორე-მესამე წინადადებაში კომენტატორები ამბობენ: «მაგარი პასია», «ძაან მაგარი ფეხბურთელია», «მაგარ თამაშს ვუყურებთ» და ა. შ. ეს ყველაფერი ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რომლის თავი ქართული ენის მასწავლებელი, ვასილ მაღლაფერიძეა. რატომ არ აქცევს ბატონი ვასილი ყურადღებას ელემენტარული ენობრივი ნორმების დაცვის აუცილებლობას ტელევიზიის ეთერში? თუკი ჩვენ ვუყურებთ «მაგარ ჩემპიონატს», მაშინ ბატონ ვასილს «ვასიას» დავუძახებთ, ესეც ხომ ნორმალურია? მით უმეტეს იმის ფონზე, რასაც ქვემოთ კიდევ ვიტყვი.
მთავარი მახასიათებელი «ტოტალიზატორშჩიკი» კომენტატორებისა, ისევე, როგორც ჩვენი საზოგადოების «ნაც-ქოცური» ნაწილისა, არის პროვინციული რუსოფობია. იქნებ სწორედ ამიტომ ითმენს მათ პარპაშს ტელეეთერში ქართულის მასწავლებელი ვასია? აბა «საზმაუ» ხომ არ უნდა ჩამორჩეს «რუსთავი 2»-ს, რომელმაც ამ სამი-ოთხი წლის წინ ერთი ვაი-ჟურნალისტის პირით რუს ერს «ღორები» უწოდა? «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ» ვასიას ტელევიზიის კომენტატორებს უსაყვედურა, რატომ აღნიშნეთ შვეიცარიის ნაკრების წევრების ალბანური და აფრიკული წარმოშობა, ეგ არ შეიძლება, რასიზმიაო. მაგრამ ამ ახალგაზრდა ტუტუცების ასოციაციას რატომ არ ექმნება პროტესტის გრძნობა, როდესაც ვასიას ტელევიზიის «ტოტალიზატორა» ბიჭ-ბუჭები აფრქვევენ რუსოფობულ ფრაზებს? მაგალითები უხვად მოიპოვება. თუნდაც ის რად ღირს, რომ ვასიას ტელევიზიად ქცეული საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისინი ბედავენ და აკეთებენ ქვეყნისთვის საზიანო მოწოდებებს: «არ მოვუსმინოთ რუსეთის ჰიმნს», «გავედით ეთრიდან, არა მგონია, გსიამოვნებდეთ, რასაც ახლა ხედავთ» (რუსი გულშემატკივრების და ფეხბურთელების სიხარული ესპანეთზე გამარჯვების შემდეგ), «რაც კი რამე დათარსვა იცით, დათარსეთ რუსეთის გუნდი»... ამ კომენტარებს ემატება მატჩების შესვენებისას ტოტალიზატორების მიერ მომზადებული «ოხუნჯობები»: რუსეთის მაისურიან გულშემატკივარს ეუბნება სხვა გულშემატკივარი: «დაგახევ მაგ ბურთს თავზე!», ანდა: «მაგ მაისურში ძმას ვერ გიწოდებ»...
დაბალი დონეა, ხომ? არა, ეს არის უაღრესად დაბალი დონე. მაგრამ ვასიას ტელევიზია, არ დაგავიწყდეთ, წესით და კანონით, ყველა თქვენგანის ტელევიზიაა, ძვირფასო მკითხველებო, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან! რუსოფობული განწყობები ვასიას ტელევიზიაში იმ დონეზე მივიდა, რომ ყოველი მატჩის წინ სატელევიზიო «ქუდში» არ აღინიშნება, თუ რომელ ქვეყანაში მიმდინარეობს ჩემპიონატი. უბრალოდ, წერია, რომ ესაა «ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში». ამ პროვინციელმა რუსუფობებმა ვერაფერი მოუხერხეს ოფიციალურ ტრანსლაციას, საიდანაც ქართველი ტელემაყურებელი კადრებს შორის ხედავს ლოგოს, რომელსაც ასევე მთელი მსოფლიო ხედავს – «Russia 2018».
თუმცა პრობლემა უფრო სერიოზულია და არ შემოიფარგლება ვასიას ტელევიზიის და მისი ნაბიჭვარი «კომენტატორების» პრობლემით. საქმე გვაქვს ღრმა კომპლექსებთან, რომელიც გამჯდარა ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ზღვარს გადასული ნერვიულობა იმის გამო, რომ რუსეთის ნაკრები გავიდოდა ჩემპიონატის ნახევარფინალში, მეტად არაჯანსაღი, შემაშფოთებელი მოვლენაა. თუმცა მეორე მხარესაც ვიტყვი – ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი არ არის დაავადებული რუსოფობული ბაცილით, თუმცა კი ბევრს ცდილობენ მის დაავადებას. რუსეთ-ესპანეთის მატჩს თბილისში, «შარდენზე» ვუყურებდი რუს მეგობრებთან კამპანიაში – ცნობილი ჟურნალისტი გალინა საპოჟნიკოვა გახლდათ ჩამოსული ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. ყველამ ხმამაღლა ვუგულშემატკივრეთ რუსეთის ნაკრებს და ბრწყინვალე გამარჯვებაც აღვნიშნეთ. არავის ქართველთაგან ეს ფაქტი არ გაუპროტესტებია, პირიქით, რამდენიმე კაცი გამოელაპარაკა რუს სტუმრებს და სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს. ესეც გარკვეული ინდიკატორია, თუმცა არც დამშვიდების საბაბს იძლევა, რადგან ანტირუსული პროპაგანდა გაძლიერებული ტემპებით მიმდინარეობს და მას სერიოზული ძალები ჰყავს დამკვეთად.
რუსეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში შესვლის შანსი გაუშვა ხელიდან – რუსებს არ გაუმართლათ, მიუხედავად საოცარი მატჩისა ხორვატებთან. წესით და რიგით, ხორვატიის ნაკრებს უფრო იოლად უნდა მოეგო კიდეც: მიუხედავად იმისა, რომ ხორვატია პატარა ქვეყანაა, ამ ხალხის სავიზიტო ბარათი ლამაზი ბუნება და სპორტია, განსაკუთრებით, ფეხბურთი. მთელი ხორვატიის ნაკრები მსოფლიო ვარსკვლავებისგან შედგება, რომლებიც წამყვან ევროპულ საკლუბო გუნდებში თამაშობენ. ხორვატიას მსოფლიო ისტორიაში – არც პოლიტიკურში, არც კულტურულში, არც მეცნიერულში, არანაირი კვალი არ დაუმჩნევია, მისი ერთადერთი ძლიერი მხარე, მსოფლიო დონეზე, სპორტია. მაგრამ რუსეთმა, რომლისთვის ფეხბურთი სულაც არ არის #1 სპორტის სახეობა, ხორვატებს ტოლი არაფერში დაუდო, მატჩი ფრედ (2:2) დაასრულა და ერთით მეტი აცილებული თერთმეთმეტრიანი დარტყმის გამო ვერ გავიდა შემდეგ ეტაპზე. «გააფუჭე რააა!» - აღმოხდა ვასიას ტელევიზიის «ტოტალიზატორშჩიკ» კომენტატორს, რუსი ფეხბურთელის, იგნაშევიჩის მიერ თერთმეთმეტრიანის შესრულებისას. იგნაშევიჩმა არ დაუჯერა მას, მაგრამ ხორვატი რაკიტიჩის მიერ ასევე ზუსტად შესრულებულმა საბოლოო დარტყმამ შვება მოჰგვარა რუსოფობ «ვასიებს».
რუსეთი ვერ გავიდა ნახევარფინალში, ასე ვთქვათ, «დაისაჯა ოკუპაციის გამო» და, ლოგიკით, ალბათ, მალე «დავიბრუნებთ აფხაზეთსა და ოსეთს». ასე რომ იყოს, კიდევ გავუგებდი «პატრიოტ» კომენტატორებს. მაგრამ... ვაი ჩვენ, ვის ხელშია ჩვენი ქვეყანა!”