პოლიტიკა
პრემიერი ბახტაძე: ბრიუსელის სამიტიდან საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს

     საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს თემატიკა ნატოს სამიტზე ცალკე ფორმატში განიხილება.

მომდევნო კვირას ბრიუსელში გაიმართება ნატოს სამიტი. არაწევრი ქვეყნების ფორმატში საქართველო მონაწილეობს ორ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაში, როდესაც აღნიშნულ ფორმატებს საქართველო ესწრება და ამავე დროს ამ ფორმატს ნატოს ყველა წევრი ქვეყანა დაესწრება ლიდერების დონეზე.

ეს არის პირველი შემთხვევა და აღნიშვნა იმ ფაქტის, რომ ნატოსა და საქართველოს ურთიერთობა გადავიდა ახალ ეტაპზე. აქვე, ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს თემატიკა ცალკე ფორმატში განიხილება. მინდა, ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანას გადავუხადო მადლობა, რომ აღნიშნული ფორმატი შედგა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს პარტნიორები ჯეროვნად დააფასებენ იმ პროგრესს, რასაც ქვეყანამ ბოლო წლებში მიაღწია.

ჩვენ გვაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები ბრიუსელის სამიტიდან. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, ასევე, თავდაცვის სამინისტროს. ვფიქრობ, რომ ის დღის წესრიგი, რომელიც არის შემუშავებული, ასახავს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რასაც ჩვენ მივაღწიეთ იმ რეფორმებით, რომელიც გატარდა ბოლო წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ამას ჯეროვნად დააფასებენ“, – განაცხადა პრემიერმა.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე ნატოს ბრიუსელის 11-12 ივლისის სამიტისთვის მზადების პროცესში კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესი განიხილეს.