საზოგადოება
დონ მარგველის ოჯახი - საქინფორმი

     საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც  კრიმინალურ ისტორიებში მისი ოჯახის წევრებისა და მისი საკუთარი პრესსპიკერის მუდმივად გახვევის გამო ახალი მეტსახელი დონ მარგველ უწოდეს, კვლავ მოხვდა არა მარტო ქართული, არამედ უცხოური მედიის კრიმინალურ ქრონიკაში, თანაც - ზედ ბრიუსელში ნატოს სამიტის წინ!

საქართველოს პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის (მარგველაშვილის გერის - მისი მეორე მეუღლის მაკა ჩიჩუას ქალიშვილის ქმრის) მორიგ დაჭრასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შემთხვევის თვითმხილველებს, აგრეთვე ყველა პირს, ვინც ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და გამოძიებასთან ითანამშრომლონ. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინათ საქართველოს შსს-მ დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისათვის სასჯელი გაამკაცრა და ახლა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

"2018 წლის 6 ივლისს ძველი თბილისის სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ 1989 წელს დაბადებულ მინდია გოგოჭურს ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით ბარძაყის, მუხლისა და ქუსლის არეში მიაყენეს ჭრილობები. გოგოჭურს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მინდია გოგოჭური მომხდართან დაკავშირებით გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დაჭრის დეტალებზე არ საუბრობს. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს შემთხვევის ადგილის და დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადეს შსს-ში.

საქინფორმს მიაჩნია, რომ სანამ გიორგი მარგველაშვილი საქართველოში წესრიგის დამყარებას შეეცდება და პრეზიდენტის პოსტზე მეორედ იყრის კენჭს, წესრიგი ჯერ საკუთარ ოჯახში უნდა დაამყაროს. მანამდე კი მას მორალური უფლება არ აქვს, პრეზიდენტი იყოს და ვალდებულია, სასწრაფოდ გადადგეს.

დიახ, საქართველოს პრეზიდენტი, რომლის ოჯახის წევრები და ოჯახის მეგობრები გამუდმებით სროლაში ხვდებიან და რომლებსაც ნარკოტიკებისთვის და იარაღის უკანონო ფლობისთვის აპატიმრებენ, ვალდებულია, სასწრაფოდ გადადგეს! ხოლო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სომხეთის გენერალურ პროკურატურას უნდა მიჰბაძოს და ქვეყნის პრეზიდენტი დაკითხვაზე დაიბაროს, რათა მისი მხრიდან დამნაშავეთა უკანონო მფარველობის და შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს.