საზოგადოება
სომხეთის ელჩის მძევლად აყვანის მოწოდებისთვის საქართველოს მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს

     საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში სომხეთის საელჩოში შეჭრისა და ელჩის მძევლად აყვანის მოწოდების გამო საქართველოს მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. საქმეს "საიდუმლო" გრიფი ადევს, თუმცა რამდენიმე დეტალის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

საქმე 2016 წელს, მთიან ყარაბაღში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტისას სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოწოდებას შეეხება. ბრალდებული საქართველოს მოქალაქეა და მას ბრალად ტერორიზმისაკენ საქვეყნოდ მოწოდება ედება.

კერძოდ, მასალების მიხედვით, 2016 წელს, როდესაც მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა, ბრალდებულმა Facebook-ზე მოწოდება გაავრცელა, რომლითაც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს სომხეთის საელჩოსთან შეკრებისკენ მოუწოდა. საქმის მასალების თანახმად, მიმართვაში ბრალდებული ასევე წერდა, რომ უნდა დაეწვათ სომხეთის დროშა, უნდა შეჭრილიყვნენ საელჩოს შენობაში და ელჩი მძევლად აეყვანათ.

მოწოდება არ შესრულებულა, თუმცა მისი ავტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაახლოებით 2 წლის შემდეგ დაიწყო. გამოძიება ამ პერიოდის განმავლობაში ოფიციალურ პასუხებს ელოდებოდა, მათ შორის „ფეისბუქიდან“, რომლითაც დაადასტურებდა, რომ „ფეისბუქ“ პოსტის ავტორი ნამდვილად ის ადამიანი იყო, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აპირებდა.

ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. ამჟამად საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვები მიმდინარეობს.