საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში 62 წლის რ.გ. დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა თბილისში, ვარკეთილში 2 ივლისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ქუჩის მხარეს უმისამართოდ გაისროლა. „გასროლის შედეგად მოპირდაპირე კორპუსში გულმკერდის არეში დაზიანება მიიღო 1953 წელს დაბადებულმა შ.მ-მ, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", — ნათქვამია განცხადებაში.
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი ბუთხუზის სიმამრია.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის იარაღი — ნაგანის სისტემის რევოლვერი, 14 ვაზნა და ამავე იარაღიდან გასროლილი ტყვიის მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.