აქტუალური
პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხზე რეგლამენტში ჩანაწერზე, შესაძლოა, კონსულტაციები გაიმართოს

     საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს კიდევ ერთხელ გამართავს. ამის შესახებ ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტს განიხილავდნენ.

დეპუტატების ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობად კანონმდებლობაში ქუთაისი აღარ უნდა ჩაიწეროს.

პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ავტორმა და ინიციატორმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა ისევ გაიმართება.

კონსტიტუციაში აღარ არის მითითებული პარლამენტის ადგილსამყოფელი, მაგრამ პარლამენტის რეგლამენტი ის დოკუმენტია, სადაც ცალკე მუხლი არსებობს პარლამენტის სასახლის შესახებ და ჩემი აზრით, აუცილებელია გარკვეული მითითება, პარლამენტის სასახლე სად არის, ამიტომ იქ უნდა ეწეროს, თბილისში ვართ, ქუთაისში ვართ თუ ორივეგან. ამავე დროს არის ძალიან პოლიტიკური საკითხი, ამიტომ ჩვენ გუნდის შიგნით, უმრავლესობის შიგნითაც გვქონია ამაზე ბევრი დისკუსია, მგონი, კიდევ მოგვიწევს. მოდით, მე შემოგთავაზებთ, უმრავლესობაში კიდევ ერთხელ გვქონდეს ამაზე საუბარი, რადგან მე გამიჭირდება, ყველას ნაცვლად ან თანხმობა ვთქვა, ან უარი, რადგან ძალიან პოლიტიკური თემაა და ერთად გადავწყვიტოთ, როგორ გვირჩევნია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა დამოუკიდებელი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის შეკითხვას უპასუხა, რომელსაც მიაჩნია, რომ პარლამენტის რეგლამენტში საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობა არ უნდა ეწეროს.

არ მესმის, რატომ არის რეგლამენტში ჩაწერილი ისევ ქუთაისი, როცა კონსტიტუცია აღარ ასახელებს ადგილსამყოფელს. როგორც კონსტიტუციამ გადაწყვიტა, ასევე ჩვენ ნუ შევიზღუდავთ თავს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საკითხთან დაკავშირებით კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოსაზრება დააფიქსირა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმაც.

რადგან კონსტიტუცია არ შეიცავს შესაბამის ჩანაწერს, რეგლამენტიდან უნდა იყოს ამოღებული საერთოდ ადგილმდებარეობის საკითხი ან უნდა იყოს ორივე ქალაქი ჩაწერილი. დაე, ბიურომ გადაწყვიტოს სესიები სად ჩატარდება, თბილისში თუ ქუთაისში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების პროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია და გურამ მაჭარაშვილი. კანონპროექტის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი.