საზოგადოება
ბრიუსელის სამიტზე 11-12 ივლისს გერმანია პირველად დაუჭერს მხარს საქართველოს ნატოში შესვლას

     საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ყველა შეხვედრაზე გერმანიაში დღის წესრიგში ნატოს მოახლოებული სამიტი დგას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის გერმანიაში ვიზიტის შეფასებისას გერმანიაში საქართველოს ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა განაცხადა.

ელჩის განცხადებით, ნატოს მოახლოებულ სამიტზე გერმანია საქართველოს მხარს დაუჭერს.

„ყველა შეხვედრაზე დღის წესრიგში ნატოს მოახლოებული სამიტი დგას, რომელზეც გერმანიის მხრიდან იქნება მხარდაჭერა. სამიტზე უნდა მოხდეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ასახვა. ადეკვატურად უნდა შეფასდეს ის რეფორმები, რომლებიც საქართველომ გაატარა. ჩვენ ველოდებით პარტნიორებისგან, რომ ნატოს სამიტი შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად რეალურ ინსტრუმენტებს მოგვცემს.

ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იძლევა იმის საშუალებას, რომ აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე მაღალი რანგის წარმომადგენლებისთვის მოხდეს ინფორმაციის მიწოდება“, – განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.