პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გადადგა

     საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „საკუთარი სურვილით“ გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 14 ივლისს აირჩიეს. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში ყოფნის დროს პატარაძეს დავალებები მისცა და პრემიერისგან მან შენიშვნაც მიიღო. მამუკა ბახტაძემ მაშინ აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომლებიც უახლოეს პერიოდში მოითხოვს გამოსწორებას.

კანონმდებლობის თანახმად, ავტომატურად გადადგა აჭარის მინისტრთა კაბინეტიც.

მთავრობის თავმჯდომარის არჩევის პროცედურები ასეთია - უფლებამოსილების შეჩერებიდან ორი კვირის ვადაში პრეზიდენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს კანდიდატი, რომელიც იმავე დღეს წარადგენს მინისტრობის კანდიდატებს. საბჭო 21 წევრისგან შედგება. იმისთვის, რომ დამტკიცდეს, აუცილებელია 11 დეპუტატის ხმა. უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა - 14 მანდატი აქვს.