პუბლიკაციები
25 წელი ტამიშის ბრძოლიდან, ვეტერანის 100 წლის იუბილე და სამედიცინო კვლევები ვეტერანებისათვის

     საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და დირექტორის მოადგილეებმა ნიკოლოზ კვეზერელმა, მირონ ჩიგოგიძემ, ჯანდრი უბირიამ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოს სამსახურის თანამშრომლებმა გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი.

მოგვიანებით, უწყებების ხელმძღვანელებმა, თანამშრომლებმა და ვეტერანებმა, ელიას მთაზე პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სახელობის მემორილი გვირგვინით შეამკეს.

1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს.დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ყველაზე მეტი დანაკარგი განიცადეს შავნაბადასა" და ავაზას" ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს. სერიოზული დანაკარგების მიუხედავად, ქართველებს საბრძოლო თვალსაზრისით, სტრატეგიული ზონა მაშინ არ დაუთმიათ.11 ივლისს ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში რუსული დესანტის გადმოსხმა სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ ეს გეგმა რამდენიმე თვით გადაწია.

აფხაზეთის ომის ერთ-ერთი ეპიზოდის - 1993 წლის ივლისის ბრძოლა -საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის უდიდესი მაგალითი.

ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმიწფო სამსახურის რეგიონალური მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დუშეთში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად ჩავიდნენ. მათ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ შალვა ჯაბახიძესთან, უწყების მცხეთა-მთიანეთის წარმომადგენლობასთან, ადგილობრივ ვეტერანებთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობის თანამშრომლებთან, რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად, ტამიშის გმირების სახელობის მემორიალი და ძმათა სასაფლაოზე განსვენებული მებრძოლების საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

დუშეთის კულტურის სასახლეში მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ეძღვნებოდა ტამიშში წარმოებულ ბრძოლებს და ბრძოლის ველზე დაცემულ მეომრებს. ფილმის ჩვენებას სტუმრებთან, ადგილობრივ ვეტერანებთან და დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებთან ერთად, რაიონის ახალგაზრდობაც ესწრებოდა.
ვეტერანი ალექსანდრე ბუსკივაძე 100 წლის გახდა

ზესტაფონში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ალექსანდრე ბუსკივაძეს 100 წელი შეუსრულდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, სულხან აბესაძემ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ ვეტერანს იუბილე პირადად მიულოცეს, ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს, სამახსოვრო საჩუქრები და ფულადი დახმარება გადასცეს.

ვეტერანების
საქმეთა სახელმწიფო სამსახური ბატონ ალექსანდრე ბუსკივაძეს დღეგრძელობას უსურვებს.

სამედიცინო
კვლევები ოზურგეთში მცხოვრები ვეტერანებისათვის

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 30 ივნისს, ოზურგეთის რაიონში მცხოვრებ ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარეს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მომსახურება გაეწია 200-მდე ბენეფიციარს.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ბიუროს ხელმძღვანელი, ლაშა ჭელიძე და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.