აქტუალური
სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი სომხეთის საგანგებო საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზეა გამოძახებული, ხოლო თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიქაელ არუთუნიანი „1 მარტის“ საქმეზე დააპატიმრეს

     საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. სომხეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ მიქაელ არუთუნიანს ბრალი ედება 300.1 მუხლის პირველი ნაწილით იმაში, რომ პირთა ჯგუფთან ერთად დაამხო კონსტიტუციური წყობა შიდაპოლიტიკურ პროცესებში არმიის ჩართვის შესახებ საიდუმლო ბრძანების ხელმოწერის გზით.

2008 წლის 19 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სადაც ოფიციალური მონაცემებით მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა გაიმარჯვა, ხოლო ოპოზიციის განცხადებებით - პირველმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა, ამ უკანასკნელის მომხრეები ერევანში, თავისუფლების მოედანზე ათი დღის განმავლობაში მართავდნენ მრავალათასიან 24-საათიან მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ტერ-პეტროსიანის გამარჯვების აღიარების მოთხოვნით.

2008 წლის 1 მარტს, გამთენიისას, ძალისმიერი ოპერაციის გზით სამართალდამცველმა ორგანოებმა დემონსტრანტების დაშლა შეძლეს. უკვე დღისით კიდევ უფრო მეტი ხალხი სტიქიურად შეიკრიბა მიასნიკიანის ძეგლის წინ - საფრანგეთის, იტალიისა და რუსეთის საელჩოებთან. საღამოს, ძალისმიერი დარბევის ოპერაციის დროს, რვა დემონსტრანტი და სამართალდამცველი ორგანოების ორი თანამშრომელი დაიღუპა. კონსტიტუციური აკრძალვის მიუხედავად, ძალისმიერ ოპერაციაში არმია მონაწილეობდა. 10 ადამიანის მკვლელობისთვის დღემდე პასუხი არავის უგია.