საზოგადოება
გურიის მოამბე: „კრემლის მიერ რუსული პროპაგანდისთვის შექმნილ სკოლას მთავრობამ მიწა და შენობა გადასცა” (ვიდეო)

     საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობამ რუსულ სკოლას „ინტელექტ პლუსს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (5000-მდე კვ.მ მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები) პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა 375 მოსწავლეს უნდა მოემსახუროს და დადგენილებით გათვალისწინებული 2 მლნ 800 ათას ლარი 2 წელიწადში უნდა გადაიხადოს (ვიდეო იხ. აქ).

სკოლა „ინტელექტის“ დამფუძნებელი რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრის, კრემლის პოლიტიკის აქტიური მიმდევრის – გოჩა ძასოხოვის ცოლი ლაურა ძასოხოვაა.

ჩვენ ვაპირებთ რუსული ენის პოპულარიზაციასა და რუსული სკოლების გაფართოებას საქართველოში, - განაცხადა ძასოხოვმა რუსულ მედიასთან საუბარში.

იმას, რომ რუსული სკოლების და ზოგადად რუსული პროპაგანდის გაძლიერება კრემლის მთავარი ამოცანაა, საგარეო უწყების ხელმძღვანელის ლავროვის განცხადებაც ცხადყოფს:

ჩვენ სამთავრობო დონეზე მოვიწონეთ და უახლოეს მომავალში დავიწყებთ პროექტის - „რუსული სკოლები საზღვარგარეთგანხორციელებას. ჩვენ მოვილაპარაკეთ არა მხოლოდ ბალტიისპირეთის, არამედ სხვა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, სადაც ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ, რათა იქ ჩვენი სახსრებით შეიქმნას რუსული სკოლები, - ეს განცხადება სერგეი ლავროვმა ჯერ კიდევ 2014 წელს გააკეთა.

სკოლა „ინტელექტი“ საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2015 წელს მოექცა, როცა სოციალურ ქსელში მოსკოვში გამოცემული გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ფოტოები გავრცელდა, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად იხსენიება.

ფოტოების ავტორი წერდა, რომ ამ სახელმძღვანელოებით კერძო სკოლა “ინტელექტში” სწავლობდნენ მოსწავლეები.

მასალა მომზადებულია „სტუდია მონიტორის“ მიერ.