საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. 2018 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე საქართველოში -0,6 პროცენტზე, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 2,2 პროცენტზე დაფიქსირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ რამდენიმე ჯგუფზე, მათ შორის სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, სადაც ფასები შემცირდა 2,6 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,79 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა ასევე, ქვეჯგუფებზე ხილი და ყურძენი (-14,6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-13,9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2,3 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (-0,8 პროცენტი). ამასთან, გაძვირდა ხორცი და ხორცის პროდუქტები (0,9 პროცენტი).
რაც შეეხება ტრანსპორტის ჯგუფს, ფასები გაზრდილია 0,8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0,1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზეც (1,5 პროცენტი). ამასთან, შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2,1 პროცენტი).
ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს ჯგუფში ფასები მომატებულია 1,1 პროცენტით, რაც 0,08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (1,6 პროცენტი).