სამართალი
ნათია მეზვრიშვილი: მნიშვნელოვანი მოწმეების გამოკითხვა ჯერ არ დასრულებულა საგამოძიებო კომისიაში, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ რეკომენდაციის გაცემა ამ ეტაპზე, ცოტა არ იყოს. ნაადრევია

     საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებზე კომენტარი გააკეთა.

მე როგორც იურისტი, ამ საკითხის შეფასებისგან თავს შევიკავებ იმიტომ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება. დავიწყოთ იმით, რომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როგორც იურისტისთვის, ამ ეტაპზე კომისიის მხრიდან ამ ტიპის რეკომენდაციების გაცემა იმ ფონზე, როდესაც მნიშვნელოვანი მოწმეების, რომლებსაც უშუალოდ აქვთ საქმესთან შემხებლობა, გამოკითხვა ჯერ არ დასრულებულა საგამოძიებო კომისიაში. შესაბამისად ვფიქრობ, რომ რეკომენდაციის გაცემა ამ ეტაპზე ცოტა არ იყოს ნაადრევია. ამასთან, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე რეკომენდაციის გაცემა სცილდება საგამოძიებო კომისიის კომპეტენციას, თუმცა, როგორც ჩანს, კომისიამ მიიჩნია, რომ არსებობს ამ ეტაპზე საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ სხვა პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. აღნიშნული საკითხი ეხლა უკვე არის პროკურატურის შესაფასებელი, რომელიც დევნის დაწყების უფლებამოსილებით სარგებლობს. პროკურატურამ უნდა შეაფასოს, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

ჩვენ გვეხება ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიამ გასცა. როგორც მოგეხსენებათ, ეს ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ეხება, თუმცა, მიმაჩნია, რომ საგამოძიებო კომისია რა მიზნებისთვისაც შეიქმნა, აი ამ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა, იგივე ფარდულთან დაკავშირებით - ამ კითხვებს პასუხი უკვე გაეცა და ის რეკომენდაცია, რომელიც საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით გასცა, ვფიქრობ, რომ ფორმალურია იმ თვალსაზრისით, რომ იმ ეპიზოდზე, რაზეც მოგვიწოდებს კომისია, რომ გამოძიება დავიწყოთ, რეალურად გამოძიება მიმდინარეობს გამოყოფილი საქმის ფარგლებში. ამიტომ ცოტა გაუგებარია, ამდენი ხნის მუშაობის შედეგად მხოლოდ ამ დასკვნამდე რომ მივიდა საგამოძიებო კომისია. სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც მოგეხსენებათ, გამოყოფილი საქმის ფარგლებში ორი პირი უკვე დაკავებულია, ახლაც ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს და არცერთი მიმართულებით მოვლენების განვითარებას არ გამოვრიცხავთ. მათ შორის არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ საქმეზე იყვნენ სხვა დაკავებულებიც.