რელიგია
მსოფლიო საპატრიარქო უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის დაყოფილი სხეულის გაერთიანებისკენ მიისწრაფვის და შეახსენებს, რომ კანონიკური უფლებები მის ტერიტორიაზე სწორედ კონსტანტინოპოლს ეკუთვნის

     საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. მსოფლიო პატრიარქის თქმით, ლოგიკურია, რომ დედა ეკლესიას უკრაინის დაყოფილი ეკლესიის გაერთიანება სურს. განცხადება ბართლომე პირველმა 1 ივლისს სტამბულში, ფანარის წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში გააკეთა.

მისივე თქმით, რუსეთის საპატრიარქომ უკრაინის მიტროპოლია კანონიკური წესების დარღვევით დაიქვემდებარა.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ კონსტანტინოპოლს უკრაინის ტერიტორიის ვინმესთვის გადაცემის ნებართვა არასდროს გაუცია. ამის შესახებ ნათქვამია პოლონეთის ეკლესიისთვის გადაცემულ ტომოსში ავტოკეფალიის შესახებ.

მსოფლიო საპატრიარქოს კიევის მიტროპოლიისა და მასზე დამოკიდებული ლიტვისა და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების გამოყოფა და მოსკოვის ეკლესიის მიერ მათი ანექსია არ უღიარებია. ეს მოხდა კანონიკური წესების დარღვევით და არ იყო დაცული კიევის მიტროპოლიტის დამოუკიდებლობა და უფლებები“, – განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

ამავე გამოსვლაში ბართლომემ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის დაყოფილ ეკლესიასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება და უკრაინის ეკლესიის გაერთიანება მოხერხდება.

შეგახსენებთ, უკრაინაში ამჟამად მართლმადიდებელი ეკლესია სამ ნაწილადაა გაყოფილი. ცოტა ხნის წინ უკრაინის ხელისუფლება, კიევის საპატრიარქო და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია გამოვიდა ინიციატივით, რომ მსოფლიო საპატრირქომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭოს. როგორც კიევის პატრიარქმა ფილარეტმა მანამდე განაცხადა, ამ საკითხზე მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა ივლისის დასაწყისში უნდა იმსჯელოს.