საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. საგამოძიებო მასალების მიხედვით, რომელიც „იმედის კვირამ“ მოიპოვა, ახმედ ჩატაევს და თემირლან მაჩალიკაშვილს ნათესაური კავშირი ჰქონდათ. ჩატაევის მეორე ცოლი - აინა მარგოშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი ერთმანეთის ბიძაშვილის შვილები არიან - აინასა და თემირლანის დედების მედიკო და სერო მარგოშვილების მამები ძმები იყვნენ. ამ ინფორმაციას „იმედის კვირასთან“ მაჩალიკაშვილის დედაც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ აინა მარგოშვილთან კონტაქტი არ ჰქონია.
"იმედის კვირამ" მოიპოვა მოკლე ტექსტური შეტყობინებების ის ფრაგმენტი, რომელიც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონიდან აღადგინეს, iPhone-დან, რომელიც 19 წლის ახალგაზრდას სპეცოპერაციის ღამეს ხელში ეჭირა. მიმოწერაში თემირლან მაჩალიკაშვილი სადგურის მოედანზე თავის აფეთქების შესახებ უცნობ პირს სწერს.
ახმედ ჩატაევისა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე ახალი დეტალები ცნობილი 25 ივნისს გახდა. მოპოვებული სატელეფონო ჩანაწერებიდან ირკვევა, თუ ვისთან დარეკა ახმედ ჩატაევმა სოფელ კირნათიდან, თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთანავე. ირკვევა, რომ რამდენიმე სატელეფონო ზარის ადრესატი თემირლან მაჩალიკაშვილი იყო. საქმის მასალების მიხედვით, ეს ნომერი გარდაცვლილ მაჩალიკაშვილზე ოფიციალურად იყო გაფორმებული.