საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრმა რაულ ლოლუამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე აფხაზეთში სუიციდების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და სკანდალი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას Jamnews ავრცელებს.
სტატისტიკის თანამხად, 2018 წლის მაისსა და ივნისში აფხაზეთში თვითმკვლელობის 12 შემთხვევა და სუიციდის 4 მცდელობა მოხდა. ინციდენტები გაგრის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის რაიონებში მოხდა, ასევე სოხუმშიც.
"ამის შესახებ აფხაზეთის ტელევიზიაში არაფერს იტყვიან - პარლამენტის დეპუტატამდე ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია აღწევს. და მე ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები, მოვლენები და ვითარებები ჩემს ამომრჩეველს გავუზიარო, და – არა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის მიზნით. მე ადამიანების აზრი და ჩვენს ქვეყანაში მომხდარი მოვლენებისადმი მათი დამოკიდებულება მაინტერესებს“, – წერს რაულ ლოლუა Facebook-ზე.