საზოგადოება
43 გრადუსამდე ტემპერატურა 5 ივლისამდე შენარჩუნდება - ისტორიული რეკორდი საქართველოსთვის

     საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე გაუსაძლისი სიცხე 5 ივლისამდე გაგრძელდება.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40-43 გრადუსს, დასავლეთში კი 30-35 გრადუსს მიაღწევს. საქართველოს დედაქალაქში უახლოეს დღეებში 38-40 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

5 ივლისიდან ტემპერატურა დაიწევს — სინოპტიკოსები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არამდგრად ამინდს ვარაუდობენ.

მანამდე კი სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, მზეზე დიდი დროის განმავლობაში არ გაჩერდნენ და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში გრილ ადგილს შეაფარონ თავი. აუცილებელია ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავება.

სიცხე ნეგატიურად მოქმედებს ნებისმიერ ადამიანზე, მაგრამ ყველაზე მეტად იგი საშიშია 75 წელს ზემოთ ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის, ქრონიკული დაავადებებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებისთვის და სპორტსმენებისთვის.