პოლიტიკა
სეპარატიზმი - ეს არის გზა არსაით! - ჯუმბერ კირვალიძე ექსკლუზიურად Vzglyad.az-ისთვის

     საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. ვაშინგტონში, სმიტსონის ფესტივალზე (Smithsonian Folklife Festival) სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა უარი თქვა ესპანეთის ელჩისთვის ხელის ჩამორთმევაზე (ინციდენტი გამოიწვია ესპანეთის ელჩის სიტყვებმა, რომ კატალონიაში პოლიტპატიმრები არ არიან), სამაგიეროდ, დემონსტრაციულად ჩამოართვა ხელი კატალონიის ჟენერალიტეტის თავმჯდომარეს კიმ ტორას.

„ეს არის მთლიანად სეპარატიზმის, მათ შორის, კატალონიის სეპარატისტული მოძრაობის მხარდაჭერა“, - ამის შესახებ Vzglyad.az-ს ქართველმა პოლიტოლოგმა ჯუმბერ კირვალიძემ განუცხადა, რომლის თქმით, უკვე 30 წელზე მეტია, სომხეთი ყარაბაღის სეპარატიზმის უკან დგას, რაც ამ საკითხის მიმართ მის საგარეო პოლიტიკას განაპირობებს.

„ეს საქართველოსაც შეეხო. საქმე ისაა, რომ გაეროს ყველა რეზოლუციაში, სადაც ამ ორგანიზაციის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი დევნილების სფხაზეთში დაბრუნებას ემხრობა, სომხეთი მუდმივად საქართველოს წინააღმდეგ აძლევს ხმას. ეს სომხეთის ინტერესებშია ორი მიზეზით: ყარაბაღის და აფხაზ-ოსი სეპარატისტების ურთიერთკავშირი (და სხვების, დნესტრისპირეთში, დონეცკისა და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“), და, რაღა თქმა უნდა, აფხაზეთში მცხოვრებ სომეხთა ინტერესები, რომლებიც სეპარატისტების მხარეს ქართველების წინააღმდეგ იბრძოდნენ.
ისინი წლობით აღვივებდნენ სეპარატიზმს აფხაზებში, რათა ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის და ქართული სახელმწიფოს დანაწევრებისთვის მიეღწიათ. ასე რომ, თუ ეს მის ეროვნულ ინტერესებში იქნება, სომხეთს შეუძლია, ნებისმიერ სეპარატისტულ მოძრაობას დაუჭიროს მხარი, ნებისმიერ კონტინენტზე, ოღონდაც ყარაბაღი სომხეთის შემადგენლობაში „ინტეგრირდეს““,
- აღნიშნა კირვალიძემ.

ქართველმა პოლიტოლოგმა დასძინა, აგრეთვე, რომ სომხები და კატალონიელები „სეპარატიზმში სულიერი ძმები“ არიან, ამიტომაც მიულოცა სომხურ ენაზე კატალონიის პრემიერ-მინისტრმა სომეხ ხალხს პირველი რესპუბლიკის დღე. „ხელისუფლების მაღალი წარმომადგენელი ამ ნაბიჯზე წავიდა იმ იმედით, რომ ოდესმე სომხეთი ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც დამოუკიდებელ კატალონიას აღიარებს“, - თქვა კირვალიძემ.

იმასთან დაკავშირებით, შეიძლებოდა თუ არა სომხეთი ესპანეთში სეპარატისტული მოძრაობის დაფინანსების ერთ-ერთი მონაწილე ყოფილიყო, კირვალიძეს ეჭვი ეპარება, რომ ოფიციალური ერევანი ამ ნაბიჯის გადადგმას გაბედავდა, თუმცა მდიდარი სომეხი ბიზნესმენები ყველგან არიან.

„სეპარატიზმის მხარდაჭერის პოლიტიკა და სტრატეგია დიდი ბოროტება და უპერსპექტივო საქმიანობაა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ხალხისთვის ტანჯვა მოაქვს. თანამედროვე მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები სეპარატიზმს მხარს არასოდეს დაუჭერენ, იმიტომ რომ ეს „ბოთლიდან ჯინის გამოშვებას“ ნიშნავს, რომელიც მთელ ცივილიზაციას მოსპობს. უბრალოდ, შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ მთელ მსოფლიოში სეპარატიზმის მხარდაჭერის შემთხვევაში გაეროს წევრი 200 სახელმწიფოს ნაცვლად, სულ ცოტა, 1 000 ჯუჯა „დამოუკიდებელი სახელმწიფო“ გაჩნდება! სეპარატიზმი - ეს არის გზა არსაით!“, - დაასკვნა ქართველმა პოლიტოლოგმა.

ესაუბრა სეიმურ მამედოვი