საზოგადოება
2011-2012 წლებში დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ხელს შეუწყობს იმას, რომ ამ კომპანიებმა ახალი სიცოცხლე შეიძინონ და დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნან - მამუკა ბახტაძე

     საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეკონომიკაში გვქონდეს გამოუყენებელი აქტივები და შესაძლებლობები, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ინიციატივა - 2011-2012 წლებში დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებული იყვნენ, ამის გამო კომერციული საქმიანობა შეეჩერებინათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

პრემიერის თქმით, დავალიანებების დიდი ნაწილი დარიცხულია 2011-2012 წლებში, მაგრამ სისტემური მიდგომის შენარჩუნების მიზნით, მიღებულია 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებული იყვნენ, ამის გამო კომერციული საქმიანობა შეეჩერებინათ.

ვფიქრობთ, აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს იმას, რომ ამ კომპანიებმა ახალი სიცოცხლე შეიძინონ, შეძლონ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.