აქტუალური
6 თვეში მთავრობამ 63 მლნ ლარის სახელმწიფო ქონება გაყიდა

     საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ძირითადი აქტივებისა და მიწის საერთო პრივატიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 62 793 581 ლარის მობილიზება განხორციელდა.

როგორც BM.ge-ს ქონების სააგენტოში განუცხადეს, 2018 წლის ძირითადი აქტივებისა და მიწის საერთო პრივატიზების გეგმით სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია 58 500 000 ლარის მობილიზება.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს სააგენტომ 678 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, მათ შორის 9 ობიექტი პროექტის - „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში გაყიდული სახელმწიფო ქონებაა, საიდანაც სასტუმრო-კომპლექსების მოსაწყობად ინვესტორები დამატებით 47 000 000 ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ.

დამატებით, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით, საინვესტიციო პირობებით გაყიდვიდან ქვეყანაში 17 400 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება“, - აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის: 2017 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული იყო 1897 ელექტრონული აუქციონი. წლის განმავლობაში ქონების გაყიდვიდან შემოსავალმა 97 949 476 ლარი შეადგინა.