უცხოეთი
სომხური მედია დავით ზალკალიანისა და საქართველოში სომხეთის ელჩის შეხვედრაზე წერს

     საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი მიიღო. როგორც სომხური გამოცემა News.am-ი სომხეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს, სომეხმა დიპლომატმა ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობები, მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმი და სხვა საკითხები. მათ ასევე ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე მომუშავე საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობაზე.

სადოიანმა ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირსა და სომხეთს შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი და გაფართოებული თანამშრომლობის შეთანხმება იძლევა. თავის მხრივ, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ სომხეთს შეუძლია, ყოველთვის ჰქონდეს საქართველოს მხარდაჭერის იმედი.

როგორც სომხური მედიასაშუალება წერს, სომხეთის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტის შესახებ, რომელიც ერევანში ოქტომბერში გაიმართება. ზალკალიანის თქმით, საქართველო აღნიშნულ ღონისძიებაზე მაღალი დონით იქნება წარმოდგენილი.

ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთის მოქალაქეობის მქონე სირიელი სომხების შეშვებასთან დაკავშირებული პრობლემების სწრაფი გადაწყვეტის მნიშვნელობაზე.

1tv.ge