პუბლიკაციები
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 10 მლნ ამერიკული დოლარი შეისყიდა

     საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 25 ივნისს სავალუტო აუქციონზე 10 მლნ ამერიკული დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2,4545 შეადგინა.

24 ივნისს მოქმედი ოფიციალური კურსი 2,4578-ს შეადგენდა. ბლუმბერგის პლატფორმაზე კი 2,4600-ით დაიწყო, თუმცა 2 საათზე ნაკლებ დროში 2,4500-მდე გამყარდა. მოგვიანებით კი 2,4545-მდე გაუფასურდა.

მიმდინარე წლის ივნისში სავალუტო ბაზარზე ეს საქართველოს ეროვნული ბანკის რიგით მეორე ინტერვენციაა. 2018 წლის 22 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2,4579 შეადგინა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ სავალუტო რეზერვები ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე ივსება.

ამასთან, გვენეტაძე ლარის კურსის შესაძლო მერყეობებზე კომენტარისგან თავს იკავებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი, ისევე როგორც სხვა ცენტრალური ბანკები, რომლებსაც მცურავი სავალუტო კურსი აქვთ, არ აკეთებენ პროგნოზს სავალუტო კურსთან დაკავშირებით. ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი.
მცურავი კურსი კარგი მექანიზმია, რომ მოხდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი რისკების შეწოვა. ინტერვენციები მიმართული იქნება იმ შემთხვევაში, თუ გადამეტებული მოძრაობა იქნა გაცვლითი კურსის და როდესაც ბაზარი იძლევა ამის საშუალებას, ჩვენ შევავსებთ სავალუტო რეზერვებს”, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გვენეტაძის თქმით, სავალუტო ფონდს შემუშავებული აქვს რეზერვებთან დაკავშირებით სპეციალური ინდიკატორი და საქართველო ამ ინდექსის ქვემოთაა. შესაბამისად, დროთა განმავლობაში რეზერვების გაზრდა ამ ინდიკატორთან შესაბამისობაში მოსვლას ემსახურება.

ბოლო ერთ კვირაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები სამჯერ შეავსო და 30 მილიონი დოლარი შეისყიდა.