საზოგადოება
ცხინვალი თბილისის საპასუხოდ საკუთარ „შავ სიას“ ქმნის

     საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის შემდეგ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ცხინვალშიც გამოეხმაურნენ. როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ სპიკერმა პეტრე გასიევმა განაცხადა, ოკუპირებული ცხინვალი თბილისის საპასუხოდ საკუთარ „შავ სიას“ ქმნის. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სამხრეთ ოსეთში უკვე შეეგუენ საქართველოს მსგავს ქმედებებს. ქვეყანა, რომელმაც 2-ჯერ განხორციელა ოსი ერის გენოციდი, ასეთ სიას იღებს, - განაცხადა გასიევმა.

მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა უკვე დიდი ხანია შეიმუშავა კანონპროექტი, კერძოდ, სამხრეთ ოსეთის საკუთარი სია, რომელსაც პირობითად ქართველების მიერ 1992 წელს მოკლული გრიგორი სანაკოევის სახელი ჰქვია“. გასიევის თქით, სიის მიღება წლის ბოლომდე იგეგმება.

მანამდე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის შავ სიას“ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მთავრობის დესტრუქციული ქმედება უწოდა.

26 ივნისს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამ სიაში 33 ადამიანის შეყვანის შესახებ განაცხადა.

2017 წლის 5 მარტს პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმრავლესობას არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციის პროექტი 106 ხმით დაამტკიცა.

რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სანქციების ნაწილი, ანუ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნა იყო. რეზოლუციის თანახმად, სიაში უნდა შეეყვანათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები.