საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის 39 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარემ განუცხადა.
თამარ ჟვანიას ინფორმაციით, აღნიშნული თანხა სრულად მოიცავს იმ ხარჯებს, რაც საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს.
„ეს თანხა სხვადასხვა მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორის არის როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის საუბნო კომისიების, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ხარჯები, ასევე სატელევიზიო რეკლამის ხარჯები. თანხა მოიცავს სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვას საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. ჩვენ მზადება დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. საოლქო საარჩევნო კომისიებში უკვე მრავალი ტრენინგი ჩავატარეთ სხვადასხვა უნარების განვითარებისთვის. მიმდინარეობს პოტენციური იურისტების ტრენინგი, ასევე ჩვენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ ახალგაზრდებისთვის და ვფიქრობ, ამ არჩევნებს მეტად მომზადებული შევხვდებით, ვიდრე აქამდე”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.