პოლიტიკა
საქართველომ სირიის კუთვნილ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე დაუხურა

     საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. საქართველომ სირიის კუთვნილ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე დაუხურა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ამის მიზეზი დამასკოს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარება გახდა.

სააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთი ავიაკომპანია Cham Wings-ია, რომელსაც, Reuters-ის მიერ აპრილში ჩატარებული გამოძიების ინფორმაციით, სირიაში რუსი კონტრაქტორი მებრძოლები გადაჰყავდა.

სააგენტო Reuters-თან საუბარში საქართველოს საჰაერო ნავიგაციის სამსახურის ხელმძღვანელი გოჩა მეზვრიშვილი ადასტურებს, რომ საქართველომ თავისი საჰაერო სივრცე დაუხურა ორ სირიულ ავიაკომპანიას – Syrian Air-სა და Cham Wings-ს.

საჰაერო სივრცე დახურული იქნება ნებისმიერი სირიული ავიაკომპანიისთვის. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც სირიამ ჩვენი ოკუპირებული რეგიონები აღიარა”, – აღნიშნა მეზვრიშვილმა სააგენტოსთან საუბარში.

სირიულ ავიაკომპანიებს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

როგორც Reuters ვებგვერდ flightradata24.com- ზე დაყრდნობით იტყობინება, სირიული ავიახაზები სირიასა და რუსეთს შორის რეისების შესასრულებლად საქართველოს საჰაერო სივრცეს ივნისიდან აღარ იყენებენ. ისინი მარშრუტს აზერბაიჯანის თავზე ახორციელებენ, რაც ფრენის ხანგრძლივობას დამატებით ნახევარი საათით ზრდის.