სამართალი
დავით ზალკალიანმა ევროპელ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ საკითხებსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა

     საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. 14 ევროპელი ჟურნალისტი საქართველოს ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ეწვია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე ილაპარაკა, ყურადღება გაამახვილა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და ამ გზაზე საქართველოს მხრიდან გაწეულ ძალისხმევასა და მიღწეულ ხელშესახებ შედეგებზე.

საუბარი ასევე შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის კონგრესმენების მხრიდან წარდგენილი უპრეცედენტო საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობა აღინიშნა.

ეს გახლავთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს აშშ-სთან, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის. ეს არის მართლაც ისტორიული აქტი, გამომდინარე იქედან, რომ მსგავსი მოცულობის და შინაარსის საკანონმდებლო მხარდაჭერა საქართველოს არ ჰქონია დამოუკიდებლობის ისტორიის მთელი 25 წლის განმავლობაში. ეს აქტი მოიცავს საქართველოსა და აშშ- შორის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა,

შეხვედრაზე მინისტრმა ევროპელ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. უწყების ცნობით, მან სტუმრებს საქართველოს მთავრობის ინიციატივა ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ გააცნო, რომელიც მიმართულია რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისკენ და მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ჩართულობის უზრუნველყოფას იმ პოზიტიურ ინიციატივებსა და სიკეთეებში, რომლებსაც საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე იღებს.

ჟურნალისტებს მინისტრს შეკითხვებიც დაუსვეს.

ევროპული მედიის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, არასამთავრობო სექტორს და ჟურნალისტებს შეხვდნენ. აღნიშნული მედიატური მიზნად ისახავს მედიის წარმომადგენლების ინფორმირებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ.