სამართალი
ნარკოტიკის ინტერნეტით რეალიზაციის ფაქტზე თბილისში მცხოვრები უკრაინის მოქალაქე სასაფლაოს ტერიტორიაზე დააკავეს

     საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტით რეალიზაციის კიდევ ერთი ფაქტია გამოავლინა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, დროებით თბილისში მცხოვრები პირი. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჭელიძის განცხადებით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 8 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით ასაღებდა. დაკავებულმა გამოკითხვისას განაცხადა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე არსებულ სამალავებში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით დებდა.

შსს-ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულმა 4 სხვადასხვა სამალავი მიუთითა, საიდანაც ექსპერტ-კრიმინალისტებმა 4 შეკვრა სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება. ამოღებულ ნარკოტიკებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.