პოლიტიკა
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტი გაყინული არ არის, მას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიკვდილი მოაქვს - ირაკლი კობახიძე

     საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ მოგვიგვარებია ჩვენი უდიდესი პრობლემაჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა. როგორც იცით, საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისთვის.

მიუხედავად საქართველოს კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომისა ურთიერთობებისადმი, რუსეთს არასოდეს უცდია, გადაედგა საპასუხო ნაბიჯები იმისათვის, რომ შემცირდეს უსაფრთხოების პრობლემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეაფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში. პირიქით, ამ ტერიტორიებზე სულ უფრო უარესდება ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობა.

ყოველდღიურად ხდება ადამიანების გატაცება. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ იღუპებიან უდანაშაულო მოქალაქეები ამ ორ ოკუპირებულ რეგიონში. ამის ბოლოდროინდელი ნათელი მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ძალადობრივი ხელყოფა ცხინვალში, მარიონეტული რეჟიმის ხელში. ამან ცხადყო, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტი გაყინული არ არის და მას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიკვდილი მოაქვს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონფლიქტის მოგვარების მხრივ პროგრესის არარსებობა პირდაპირ გულისხმობს რუსეთის მონაწილეობას რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებით მანიპულაციაში პოლიტიკური მიზნებისათვის”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, საქართველოს პასუხი არის ორგვარი: ვეძებთ მეგობრებს სხვა ქვეყნებში და ვაძლიერებთ დემოკრატიას საშინაო საკითხებში”. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო მტკიცე და უწყვეტ მშვიდობიან წინააღმდეგობას უწევს რუსეთის აგრესიას რეგიონული და დასავლელი პარტნიორების დახმარებით.