საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. პირველი არხისთვის ცნობილი გახდა იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შევიდნენ. კერძოდ, ეს პირები არიან:
დავით ჯემალის ძე გურწიევი და ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი. ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის 22 თებერვალს ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან არჩილ ტატუნაშვილს, იოსებ პავლიაშვილსა და ლევან ქუტაშვილს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. КГБ-ს სამსახურის განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა, ოკუპირებული ახალგორის ე.წ პროკურატურის პროკურორის თანაშემწე დავით გურწიევმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებმა ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ჯერ არჩილ ტატუნაშვილი, ხოლო მოგვიანებით – იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი, გადაიყვანეს ახალგორის რაიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში, სადაც არჩილ ტატუნაშვილი წამების მიზნით, გადასცეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს, რომლებმაც წაიყვანეს ცხინვალში, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, კერძოდ სხეულის სხვადასხვა ნაწილებში მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მოგვიანებით, არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი 2018 წლის 24 თებერვალს ე.წ. დროებითი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ უკანონოდ ჰქონდათ თავისუფლება აღკვეთილი და ვერ გადმოდიოდნენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 2018 წლის 11 მარტამდე.
რაშიდ კანჯი-ოღლი, მცხოვრები ტყვარჩელის რაიონში. ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დოკუმენტის მიხედვით, ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან რაშიდ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია მოკლა.
ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში აგრეთვე შედიან: სლავიკ ბადია, რაულ კორტავა, ზაურ ჭითანავა, ციბრონა (ეკა) ახალაია, ოთარ ტურნანბა, ალიკა წაბრია, რუსლან ჯოპუა, როზა მირცხულავა, დიმიტრ არშბა, ვლადიმერ გუნია, ალხაზ მირცხულავა, გია ტუჟბა, გენრიხ ჭანბა, ვლადიმერ ანუა, ზაურ ცეცხლაძე, იგივე მიხეილ თარბა, გენადი აშხაცავა, გელა ვანაჩა, ოთარ ფალავანძია, ოლეგ პაპასკირი, აფრიკან ბგანბა, ვახტანგ უბირია, ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი, შურიკ კოკოსკერია, ლევ ბიჩენოვი, გია თუაევი, ფისო ვაზაგოვი, თამაზ ბესტაევი, რამჩიკ ფუხაევი, არკადი ძერანოვი, ზურაბ დუდაევი.
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე წარადგინა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირია შეყვანილი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. დადგენილების პროექტი მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს, დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნება. ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის აღსრულება იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაევალა.