უცხოეთი
მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ტრამპი და პუტინი შეხვედრისას სირიაზე, უკრაინასა და რუსეთის აქტიურ მოქმედებებზე ისაუბრებენ

     საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს მრავალი საკითხი აქვთ განსახილველი, მათ შორის სირია, უკრაინა და რუსეთის აქტიური მოქმედებები.

„იქნება ეს სირიაში საბრძოლო მოქმედებები, უკრაინაში შექმნილი სიტუაცია, რუსების აქტიური მოქმედებები, მე დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს მრავალი თემა, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი პუტინი განიხილავენ და თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვეცადოთ ურთიერთობები ერთიან ურთიერთგაგებას დავუბრუნოთ“, – განაცხადა მაიკ პომპეომ CNN-თან ინტევრიუში.

„რუსეთი, ევროპელებისგან განსხვავებით, არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს. ეს სხვა საუბარია. თუმცა ეს საუბარია, რომელიც უნდა წარიმართოს“, – აღნიშნა პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე უარყო მოსაზრება, რომ აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევა ორ სახელმწიფოს შორის დაძაბული ურთიერთობების ერთადერთი მიზეზია.

„არასწორია საუბარი იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის თბილი ურთიერთობების არარსებობა ერთადერთმა პრობლემამ გამოიწვია“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

ამავე დროს, სახელმწიფო მდივნის თქმით, დონალდ ტრამპი ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში რუსეთის ჩარევას არ ელოდება.

როგორც CNN იტყობინება, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ ერთმანეთს ნატო-ს სამიტის შემდეგ შეხვდებიან.