საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი მურატ ჯიოევი აცხადებს, რომ ქართული მხარე ჟენევის დისკუსიებზე „არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხისგან შოუს დადგმას შეეცადა“. მურატ ჯიოევის განცხადებას ოსური სააგენტო „რესი“ ავრცელებს. ჯიოევის თქმით, საქართველოს დელეგაციის მცდელობა წარუმატებელი იყო, რადგან „საქართველოს არ აქვს არანაირი საფუძველი, განაცხადოს ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ“.
„საქართველოს წარმომადგენლებმა გაავრცელეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც ტატუნაშვილის ცხედარზე თითქოს აღმოჩენილია 100-მდე დაზიანება. თუმცა ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სამხრეთოსურ მხარეს არასდროს დაუმალავს ის, რომ მის ცხედარზე იყო დაზიანებები, ვინაიდან ის ცდილობდა იარაღის წართმევას კონვოირისგან და მის მიმართ გამოყენებული იქნა ძალა“, – განაცხადა ჯიოევმა.
ბიბილოვის წარმომადგენელი კვლავ ამტკიცებს, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის მწვავე უკმარისობა გახდა, რაც დაფიქსირებულია საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემულ ექსპერტიზის დასკვნაში.
„მეტიც, სამხარაულის სახელობის სამედიცინო ცენტრში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, ქართულმა მხარემ ვერ იპოვა ვერც ერთი კონკრეტული საფუძველი, რომ ამტკიცოს ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ. ამიტომ საქართველოში აკრიტიკებენ ცენტრის თანამშრომლებს და მათ არაპატრიოტიზმში ადანაშაულებენ“, – განაცხადა ჯიოევმა.
მისი თქმით, საქართველოში „უკვე საკუთარ ექსპერტებსაც არ ენდობიან“.