საზოგადოება
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ამ დროისთვის 33 პირია შეყვანილი

     საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ამ ეტაპზე 33 პირია შეყვანილი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, წარმოდგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცავი უწყებები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ გამოძიებას და სია, შესაძლოა, გაიზარდოს.

როგორც პარლამენტში დამტკიცების დროს დაგპირდით, ჩვენ მთავრობის პირველივე სხდომაზე წარმოვადგენდით ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს. პირველი, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც ეხება ჩვენთვის ძალიან მტკივნეულ და პრინციპულ საკითხს, შეიძლება ითქვას, ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის ღირსების საკითხს.

როგორც იცით, 21 მარტს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც არის მომზადებული მთავრობის დადგენილების პროექტი და განსაზღვრულია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. ამ სიაში შეყვანილი არიან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებიც მხილებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ ისეთ უმძიმეს დანაშაულებში, როგორებიცაა მკვლელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულთა დაფარვა. სიაში ჯერჯერობით შეყვანილია 33 კაცი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. წარმოდგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცავი უწყებები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ გამოძიებას და ეს სია, ბუნებრივია, შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, ამავე დროს, მთავრობამ განსაზღვრა ყველა ის ღონისძიება, რომელიც უნდა გატარდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შემავალი პირების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ ყველა შესაძლო შეზღუდვის დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად. ასევე, განსაზღვრულია აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები, რომლებმაც საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას შესაბამისი ანგარიში უნდა წარუდგინონ.

პრემიერის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტი აღნიშნულ კანონს განიხილავს, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია საჯარო გახდება.