საზოგადოება
მე შენს ლექსებს ვუფრთხილდები! - რეზო ამაშუკელი თავისი მეგობრის ანდრეი დემენტიევის გარდაცვალებას გლოვობს

     საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. „ბელა, ჟენია, ახლა - შენ, ანდრეი... თქვენ მიდიხართ და „ხალხმრავალ მარტოობაში“ მტოვებთ, და იძულებული ვარ, ამას შევეგუო... მე და შენ დიდი ხანია, საკუთარი თავი ახალი მეგობრებით არ გაგვინებივრებია, მხოლოდ ძველებს ვკარგავდით. თქვენი წასვლით სამუდამოდ ერთვის წარსულს ჩვენი, ქართული და რუსული კულტურების ურთიერთშთაგონების სულიერების მაღალი რეგისტრი, და ადგილს უთმობს ჯოჯოხეთური საშუალობისა და სიცრუის ნაცრისფერ ბურუსს, რომელსაც მარტო ვერ გავფანტავ! თქვენ კი, ჩემო ძვირფასებო, სამწუხაროდ, აღარ ხართ...

„შენი სული - როგორც ტაძარში გალობა,
საზეიმო, მშვენიერი და სევდიანია...“
- ეს სტროფია იმ ლექსებიდან, რომლებიც შენ, ანდრეი, მე, შენს ქართველ ძმას მომიძღვენი. შენი მეგობრები საქართველოდან, რომლებიც უსაზღვროდ გიყვარდა, უკვე გზაში არიან, რათა შენ წინაშე უკანასკნელი ვალი მოიხადონ. სამწუხაროდ, მე ამის გაკეთება არ შემიძლია... მათ შენთვის ქართული მიწის მზიანი სითბო მოაქვთ, რომელიც ყოველთვის გაგათბობს, ჩვენო მეგობარო და დიდო პოეტო!

მე შენს ლექსებს ვუფრთხილდები და სანამ ჩემი ხმა არ მიჩუმდება - ჩვენს სიმღერას ვიმღერებ, სიყვარულის, სილამაზის, ერთგულებისა და სიკეთის ზეიმის სიმღერას! რა მწარეა, რომ პოეტთა სიმღერების გაგონება დღეს მხოლოდ რჩეულების - ნეტართა და სალოსთა ხვედრია...“, - წერს გამოჩენილი ქართველი პოეტი რეზო ამაშუკელი, რომელმაც საქინფორმის რედაქციას მომართა თხოვნით, მისი სამძიმარი გადაგვეცა გუშინ 89 წლის ასაკში გარდაცვლილი გამოჩენილი რუსი პოეტის ანდრეი დემენტიევის მეუღლის, ოჯახისა და ახლობლებისთვის.