პოლიტიკა
10+1: საქინფორმის პროგნოზი გამართლდა, საქინფორმის რეკომენდაციების ნაწილი სრულად გათვალისწინებულია

     ყველა პარლამენტარი მმართველი პარტიიდან, მინისტრები, აგრეთვე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები ბოლო წუთამდე აცხადებდნენ, რომ კონსულტაციების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოში 11 სამინისტროს და ერთი სახელმწიფო მინისტრის დატოვების შესახებ. და მხოლოდ საქინფორმი უცვლელად იმეორებდა თავდაპირველ ვარიანტს, რომ სამინისტროების რაოდენობა 14-დან 10-მდე შემცირდება (+1 სახელმწიფო მინისტრი), და არა 11-მდე. ბოლოს თავისი პოზიცია საქინფორმმა დააფიქსირა სწორედ ახალი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობის რეორგანიზაციის პრეზენტაციის წინა დღეს, გასულ ორშაბათს.

საქინფორმის პროგნოზი გამართლდა: საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ცვლილებები შეეხება შემდეგ სამინისტროებს:

კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების სამინისტროს;
სასჯელაღსრულების სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქცია სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება - დევნილთა განსახლების ფუნქცია გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციას შსს შეითავსებს, ხოლო სოციალურ პოლიტიკას – ჯანდაცვის სამინისტრო (ზუსტად ასეთ რეკომენდაციას იძლეოდა საქინფორმი 2017 წლის 14 ნოემბერს).

გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში შევა, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა.

საქინფორმის რეკომენდაციია, შემდგომში მაინც იფიქრონ ფინანსთა სამინისტროს შერწყმაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და უფუნქციო ინსტიტუტების - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დევნილობაში მყოფი მთავრობების“ გაუქმებაზე.

საქინფორმი
2018 წლის 27 ივნისი
საქართველო, თბილისი