პოლიტიკა
დაპატიმრებულია სომხეთის ექსპრეზიდენტის ღვიძლი ძმა საშიკ სარგსიანი, რომლის კავშირზეც კრიმინალურ სამყაროსთან პირველმა 2010 წლის 27 დეკემბერს „საქინფორმმა“ დაწერა - საქინფორმი

     2010 წლის 27 დეკემბერს საქინფორმმა კომპეტენტური წყაროების ინფორმაციის საფუძველზე სკანდალური ინფორმაცია გამოაქვეყნა:

„ამა წლის ოქტომბერში აშშ–ის ხელისუფლებამ ლოს–ანჯელესში დააკავა სომეხი კრიმინალური ავტორიტეტი ა. კაზარიანი, მეტსახელად „პზო“. მას და მისი დაჯგუფების წევრებს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობა ედებოდათ. ამ დანაშაულებრივი ჯგუფიდან ძაფები თითქოსდა საშიკ სარგსიანთან, სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ღვიძლ ძმასთან მიდიოდა. გამოვიდა, რომ ასეთი კავშირი სომხეთის პირველ პირს კორუფციული კავშირების „შავ ჩრდილს“ აყენებდა.

რა თქმა უნდა, ეს ხელსაყრელი არ იყო სერჟ სარგსიანისთვის, როგორც სახელმწიფოს ლიდერისთვის, რომელმაც პატიოსანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგად გაიმარჯვა და როგორც კორუფციასთან აქტიური მებრძოლისთვის, რომელმაც მისაბაძ მაგალითად აშშ აქცია. ამიტომაც სომხეთში FBI–სა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა ჯგუფი ჩამოვიდა „პზო“-ს დაჯგუფების დანაშაულებრივი საქმიანობის ყველა დეტალის გამოსავლენი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებებისა და აუცილებელი ღონისძიებების გასატარებლად.

გარდა ამისა, პრეზიდენტის ძმა – ნაციონალური კრების დეპუტატი საშიკ სარგსიანი, სომხეთის გენერალურ პროკურორთან აგვან ოვსეფიანთან ერთად, დეკემბრის დასაწყისში ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ჩავიდა, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნებოდა. ამ ვიზიტით საშიკ სარგსიანმა იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ არაფერი საერთო არ ჰქონდა „პზო“-ს დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან“.

2018 წლის 25 ივნისს, ორშაბათს კი საშიკ სარგსიანი სომხურმა პოლიციამ ერევანში, საიათნოვას ქუჩაზე დააკავა, როგორც იარაღის უკანონოდ შენახვაში ეჭვმიტანილი. სომხეთის ექსპრეზიდენტის და ექსპრემიერის ღვიძლი ძმის, რესპუბლიკური პარტიიდან სომხეთის ორი - 2003 და 2012 წლების მოწვევის პარლამენტის დეპუტატის დაკავება საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ტელედაპატიმრებების ტრადიციებში მოხდა: ნიღბიანმა ადამიანებმა საშიკ სარგსიანი ავტომობილის კაპოტზე დააწვინეს, ხელები ზურგსუკან გადაუგრიხეს და განყოფილებაში წაიყვანეს, მაგრამ საღამოს გაუშვეს, მხოლოდ იარაღი ამოიღეს და დაჰკითხეს. თუმცა, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა საშიკ სარგსიანის ორ კომპანიაში - „სექიურითი დრიმში“ და „ელიფსში“ ჩაატარა ჩხრეკა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან უკანონო ფინანსურ ოპერაციებში, საიდანაც სახელმწიფოს, მხოლოდ წინასწარი მონაცემებით, 600 ათასი დოლარის ზარალი მიადგა...

საშიკ სარგსიანთან ერთდროულად დაპატიმრებული იქნა სომხეთის ექსპრეზიდენტის ერთ-ერთი უახლოესი ნდობით აღჭურვილი პირი, დაცვის სახელმწიფო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ვაჩაგან კაზარიანი, რომელსაც ბრალი შემოსავლების დაფარვაში წაუყენეს.

როგორც უმცროსი სარგსიანის დაკავებამდე ერთი კვირით ადრე საქინფორმი იუწყებოდა, სომხეთში დააპატიმრეს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, პარლამენტის დეპუტატი რესპუბლიკური პარტიიდან, ყარაბაღის ომის გმირი, გენერალ-ლეიტენანტი მანველ გრიგორიანი.

მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, აგრეთვე, 30-ზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტისა და „კანონიერი ქურდის“ სახლებში. ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა დააპატიმრა იტალიაში მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტი ეჩმიაძინიდან არტურ ასატრიანი - -„დონ პიპო“, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში ასევე იცნობენ, როგორც კოჭლ ანდოს.

უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, რომ პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელსაც უმაღლესი განათლების შესახებ დიპლომი არ აქვს, თავისი პრემიერობა ისევე დაიწყო, როგორც მრავალი დიპლომის მქონე მიშა სააკაშვილმა - პრეზიდენტობა. მაშინ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სააკაშვილის მხარეს იყო, რომელმაც კორუფციასა და მაფიასთან ომი წამოიწყო. უეჭველია, რომ ფაშინიანიც სომეხი ხალხის უზარმაზარ მხარდაჭერას ეყრდნობა. ხოლო ის, რომ სომხეთი ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებულია, საყოველთაოდ ცნობილია.

თუ სომხეთის ახალი პრემიერი ამ ბრძოლას ბოლომდე არ მიიყვანს და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მიჰბაძავს, მაშინ ისეთსავე არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორშიც საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“, რომელიც ბოლო წლებში თავდაცვის მუდმივ რეჟიმზეა გადასული, რამაც უკიდურესად უარყოფითად იმოქმედა სახელმწიფო მშენებლობის და ქართული ეკონომიკის განვითარების პროცესზე.

მეორე საფრთხე - რომ ფაშინიანი შემდგომშიც სააკაშვილს დაემსგავსება და ცნობილ კანონიერ ქურდებზე დაყრდნობით თვითონ მოისურვებს, „ქურდული სამყაროს მეფე“ გახდეს და საკუთარი მმართველობით პოლიციური სახელმწიფო ააშენოს, სომხეთს აშკარად არ ემუქრება.

საქინფორმი
2018 წლის 27 ივნისი
საქართველო, თბილისი