პოლიტიკა
26-28 ივნისს გაიმართება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ვიზიტი აშშ-ში

     საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს პოლ რაიანს შეხვდება, აღნიშნულია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ვიზიტი 26-28 ივნისს საქართველო-მოლდოვა-უკრაინის პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება.

ივნისის დასაწყისში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ირაკლი კობახიძემ, ანდრიი პარუბიმ და ანდრიან კანდუმ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას სამი ქვეყნის პარლამენტთაშორისი ასამბლეის შექმნის თაობაზე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კობახიძე უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად შეხვდება პოლ რაიანსა და აშშ-ის კონგრესის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მეგობართა ჯგუფის წევრებს.

ასევე დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან — ტედ პოსთან და ჯერი კონოლისთან, კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარეებთან — პიტერ როსკამთან და დევიდ პრაისთან, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე რონ ჯონსონთან და თანათავმჯდომარე კრის მერფისთან.

ამას გარდა, ვიზიტის ფარგლებში კობახიძე გამართავს შეხვედრებს სენატორ კორი გარდნერთან, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ვეს მიტჩელთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს, აგრეთვე, ამერიკული საგარეო პოლიტიკის საბჭოსა (AFPC) და ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.