პოლიტიკა
პარლამენტი საგაზაფხულო სესიას 29 ივნისს დახურავს

     საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. მეცხრე მოწვევის პარლამენტის რიგით მეორე საგაზაფხულო სესია, რეგლამენტის გათვალისწინებით, ივნისის ბოლო პარასკევს, ანუ 29 ივნისს დაიხურება.

საგაზაფხულო სესიის დახურვის შემდეგ საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებს და არ არის გამორიცხული, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს რიგგარეშე სხდომების მოწვევა ივლისის ბოლომდე სთხოვონ, რადგან საკანონმდებლო ორგანოს ბევრი საკანონმდებლო და საკადრო ცვლილება აქვს მისაღები. კერძოდ, პარლამენტს მოუწევს როგორც ახალი მთავარი პროკურორის არჩევა, ასევე სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მოსმენა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის განხილვა.

ამასთან, პარლამენტში მიმდინარე კვირას განსახილველად სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები შევა, რისი მიღების შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მთავრობის განახლებული შემადგენლობა ნდობის მისაღებად გამოცხადდება.

მთავრობის დამტკიცების გარდა, პარლამენტს განსახილველი აქვს რეგლამენტის ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, საპარლამენტო კონტროლი ძლიერდება და საკანონმდებლო პროცედურები იხვეწება.

ასევე, დეპუტატებს მსჯელობა მოუწევთ ათობით საკანონმდებლო პაკეტზე, რომლებიც ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარეობს და რომელთა შორისაა საქართველოს მოქალაქეობის მიღება-დაკარგვასთან დაკავშირებული საკითხები.

გარდა ამისა, პარლამენტმა გადაწყვეტილება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებასთან დაკავშირებითაც უნდა მიიღოს, რადგან ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილეს და საკითხის პირველი მოსმენით სესიაზე გატანამდე კომიტეტის კიდევ ერთი სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც მმართველი გუნდი შეჯერებულ საკანონმდებლო პაკეტს წარადგენს.

რიგგარეშე ფორმატში საქმიანობ დასრულების შემდეგ დეპუტატები შვებულებაში გავლენ. საშემოდგომო სესია კი, რეგლამენტის გათვალისწინებით, სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.