საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად იღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და მერე თვითონვე უხდება მათი დეზავუირება და საპირისპირო შინაარსის ბრძანებების გამოცემა. მას შემდეგ, რაც გასულ კვირას საზოგადოებრივი აზრის ზეწოლით ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელშიც პირობას იძლევა, რომ არალეგალური მიგრანტების ოჯახებს - მშობლებს შვილებთან ერთად - დაკავების სპეციალურ ადგილებში მოათავსებენ, ახლა მას, როგორც ჩანს, მოუწევს, უარი თქვას ა. წ. 1 ივნისიდან ჩინეთის, კანადის, მექსიკის და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ შემოღებულ საბაჟო გადასახადზე აშშ-ში იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე.
„შეერთებული შტატები დაჟინებით მოითხოვს, რომ ყველა ქვეყანამ უარი თქვას სავაჭრო ბარიერებსა და ტარიფებზე, თუ არადა, ვაშინგტონს შეუძლია, საპასუხო ზომები მიიღოს ყველას წინააღმდეგ!“, - განაცხადა გუშინ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი არ გააუქმებს ამერიკული პროდუქციის იმპორტზე დაწესებულ ბაჟს, აშშ 20%-იან ტარიფს შემოიღებს ევროკავშირიდან იმპორტირებულ ყველა ავტომობილზე. აგრეთვე, ტრამპმა დაავალა აშშ-ის წარმომადგენელს სავაჭრო მოლაპარაკებებზე რობერტ ლაითჰაიზერს, მოამზადოს ჩინეთში წარმოებული საქონლის ნუსხა 200 მილიარდ აშშ დოლარზე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში შემოღებული იქნეს დამატებითი ბაჟი 10%-ის ოდენობით.
საქინფორმი არ გამორიცხავს, რომ ტრამპს მოუწევს, უკან წაიღოს თავისი ნაჩქარევი გადაწყვეტილება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან აშშ-ის გამოსვლის თაობაზე. ანდა რა საჭირო იყო ამდენ ხანს კიმ ჩენ ინისთვის დამუქრება და მთელი მსოფლიოს დაფეთება ბირთვული ომის შიშით, მერე კი ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მშვიდობიანად გადაწყვეტა სინგაპურში?!
ან პირიქით, დაპირება, რომ რუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებდა, შინაარსიანი საუბრების ჩატარება პუტინთან, მერე კი აშშ-ში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებიდან გამოყრა, რუსული მედიის შევიწროება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება?
აშშ-ის ყველაზე უფრო დინამიკური პრეზიდენტის ფიგურის ერთმნიშვნელოვნად შეფასება შეუძლებელია, ამას ჩვენ ნაცვლად ისტორია გააკეთებს. ასევე არ შეიძლება მისი ისეთი ღირსებების უარყოფა, როგორიცაა გულახდილობა და წარმატებები საშინაო საქმეებში, რომლებიც სასიკეთოდ წაადგა ამერიკის ეკონომიკას და გააუმჯობესა ამერიკელების კეთილდღეობა. მაგრამ იქნებ ჯობს, ტრამპი ოდნავ უფრო თანმიმდევრული იყოს და „მუხრუჭებს მოუჭიროს“, რათა შემდეგ თავისივე გადაწყვეტილებების უკან გაწვევა არ დასჭირდეს? მით უფრო, რომ ტრამპის ყველა წარმატება და მარცხი იმწამსვე აისახება მის „მოხტუნავე“ რეიტინგზე, რაც ევროპელ პარტნიორებს ავტომატურად აშორებს ამერიკისგან და მათ რუსეთთან აახლოებს.
საქინფორმი