საზოგადოება
ხიდირბეგიშვილი: ბახტაძის მიერ წარმოდგენილი პროგრამა შეიძლებოდა, დიდი ხნის წინ დაწყებულიყო - რადიო Sputnik (აუდიო)

     საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. ქართველმა პუბლიცისტმა, ჟურნალისტმა და პოლიტოლოგმა არნო ხიდირბეგიშვილმა საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის დაგეგმილი რეფორმების შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ბახტაძის მიერ წარმოდგენილი პროგრამა რეალისტურია... სამინისტროების რიცხვის 14-დან 11-მდე შემცირება 110 მილიონ დოლარზე მეტს დაზოგავს. მეტიც, გათვალისწინებულია რიგი წმინდა ეკონომიკური რეგულაციები, რომლებიც ძალზე ეფექტიანი იქნება“, - აღნიშნა ხიდირბეგიშვილმა რადიო Sputnik-ის ეთერში (მთლიანად უსმინეთ აქ).

პოლიტოლოგის აზრით, წარმოდგენილი პროგრამა შეიძლებოდა, დიდი ხნის წინ დაწყებულიყო, რომ არა პოლიტიკური ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები. კერძოდ, მმართველი პარტიის მშვიდობიანი თანაარსებობის მცდელობა ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც პარლამენტში შთამბეჭდავი ფრაქციით შევიდა, წარუმატებლად დამთავრდა და ამ პროცესებს ამუხრუჭებდა“, - მიაჩნია ექსპერტს.

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ფინანსთა ექსმინისტრი მამუკა ბახტაძე ქვეყნის პრემიერის პოსტზე 14 ივნისს წარადგინა - გიორგი კვირიკაშვილის გადადგომიდან 24 საათზე ნაკლებ დროში. 20 ივნისს პარლამენტმა ბახტაძეს და მის პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა.