სამართალი
ქეთევან ციხელაშვილი: არარსებული საზღვრის ე.წ. დემარკაციაზე საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია!

     საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში დე ფაქტო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე ე.წ. კომისიის შექმნა და სოფელ წნელისთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მორიგი პროვოკაციული ნაბიჯია.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საოკუპაციო რეჟიმს ამის არც სამართლებრივი და არც ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია და აღნიშნული პროვოკაციულ განცხადებად უნდა შეფასდეს.

განცხადებას, რომელიც გაკეთდა არარსებული საზღვრის ეგრეთ წოდებულ დემარკაციაზე, რა თქმა უნდა, არც სამართლებრივი და არც ლოგიკური, არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ამიტომ ამას სხვაგვარად ვერ განვიხილავთ, თუ არა პროვოკაციულ განცხადებას“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებშიც იმსჯელეს.

გუშინ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 44- რაუნდზე ეს იყო განხილვის ერთ-ერთი თემა და რა თქმა უნდა, ჩვენი და ჩვენი პარტნიორების პოზიცია არის ის, რომ ამას არ მოჰყვეს რაიმე ტიპის ქმედება, რომელიც ცალსახად, რა თქმა უნდა, იქნებოდა პროვოკაციული და გაართულებდა უსაფრთხოებას და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. მინდა გითხრათ ერთი მნიშვნელოვანი რამ, ამ მავთულხლართებისა და შეზღუდვების კომისიების ნაცვლად, მართლაც სჯობს, რომ პირველ რიგში იმ სოფლების მოსახლეობას მოვუსმინოთ, როგორიცაა წნელისი, არცევი, იკორთა და სხვა ბევრი დასახელებაც შეიძლება, რომელთა მოსახლეობაც, მათ შორის ოსებიც და ქართველებიც, არიან ურთულეს მდგომარეობაში და ითხოვენ გადაადგილების თავისუფლებას და ამის ნაცვლად იღებენ მავთულხლართებს. ეს არის მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამიტომ სჯობს, ჩვენ ერთად ვიმუშაოთ გამოსავალზე, მით უფრო, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა მნიშვნელოვან და კონკრეტულ ინიციატივებს მოიცავს იმის თაობაზე, რომ მოსახლეობას გავუადვილოთ ისედაც რთული მდგომარეობა და ზოგადად, ვიმოძრაოთ იქითკენ, რომ მოიხსნას დაბრკოლებები, გვქონდეს ქვეყანა, საქართველო მავთულხლართების გარეშე“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში დე ფაქტო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე .. კომისია ჩამოყალიბდა. ამასთან, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუსლან თედეევმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება თავად მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს. მისი თქმით, მოსახლეობამ აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ სოფელი წნელისი სამხრეთ ოსეთის საზღვრებში არ მოხვდა“.