რამდენიმე დღეა, ქართულ პრესაში ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომელთა გარკვეული ნაწილი „თავისუფლების ინსტიტუტის“ „გამოზრდილები“ არიან, ახალი პოლიტიკური მოძრაობა იქმნება, რომელიც ვარდების რევოლუციის დროინდელი მოძრაობის – „კმარას“ ანალოგი იქნება და ხელისუფლების „შეცვლაზე“ იმუშავებს.
ახალი „კმარას“ შემქმნელებს შორის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე და „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრები: ლევან რამიშვილი და თეა თუთბერიძე მოიაზრებიან. თავად მოძრაობა კი იმ ახალგაზრდებიდან დაკომპლექტდება, რომლებიც „პატრიოტთა ბანაკებში“ ისვენებდნენ.კულუარული ინფორმაციით, მოძრაობა ხელისუფლების მძაფრი კრიტიკით დაკავდება და 2003 წლის ნოემბრის ცნობილი მოვლენების განმეორებას შეეცდება. თუმცა მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე, პოლიტიკურ წრეებში არც იმას გამორიცხავენ, რომ ამ ყველაფერს სოციალური ბუნტის სახე მიეცეს.
ამ ინფორმაციას ის გარემოებაც ამყარებს, რომ ექსპერტები და პოლიტიკოსები სოციალურ ბუნტს, უკვე კარგა ხანია, პროგნოზირებენ.
საზოგადოების გარკვეული ნაწილი კი უკვე მსჯელობს იმაზე, რომ ახალი „კმარა“ ისევ „დაშლა–არმოშლის“ მოტივებზე იქმნება და ის ხელისუფლების გაოპოზიციონერებულ „ნაციონალებზე“ გადაბარებისთვის იბრძოლებს, მმართველი გუნდის რღვევაზე კი, უკვე დიდი ხანია, მიდის საუბარი და, როგორც ამბობენ, არ არის გამორიცხული ოპოზიციაში გადაბარგებული ერთ–ერთი პირველი, არც მეტი, არც ნაკლები, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ვიხილოთ. ასე რომ, არ არის გამორიცხული, 2003 წლის მსგავსად, ოპოზიციური ტრიბუნა ამჯერადაც ხელისუფლებაში მეორედ მოსვლისთვის და ძალაუფლების კიდევ უფრო გასამყარებლად იქნას გამოყენებული.
ინფორმაციის გადასამოწმებლად საქინფორმი „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრ თეა თუთბერიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ „კმარას“ სხვა ადამიანები ვერ შექმნიან და ამ ჭორებს საფუძველი არ აქვს“.
„საოცრად ვნერვიულობ, როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ. რაც ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივანი გახდა, მას მერე „კმარას“ შექმნაზე ფიქრობს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით... „კმარას“ ჩვენ გარდა ვერავინ შექმნის და არ ვთვლი, რომ ამ ჭორებს რაიმე სერიოზული საფუძველი აქვს“, – განაცხადა თუთბერიძემ.
კომენტარისთვის კი პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილსაც დავუკავშირდით, რომელიც მსგავსი მოძრაობის შექმნას არ გამორიცხავს და ფიქრობს, რომ თუ ახალი „კმარა“ შეიქმნება, ის რეგისტრაციას „ნაციონალურ–ლიბერალური“ პარტიის სახელით გაივლის, „კმარა“ კი პარტიის სავიზიტო ბარათი იქნება.
„თუ „კმარას“ სიცოცხლის განახლების რაიმე პერსპექტივა აქვს, ის იქნება მხოლოდ ყვავილი, რომელსაც ფესვები იგივე, თუმცა ოდნავ მოდერნიზებული, ექნება. არ გამოვრიცხავ, რომ ახალი მოძრაობა არა მხოლოდ თინეიჯერებით, არამედ უფრო ასაკოვანი ხალხითაც დაკომპლექტდეს, რომელთაც მოუთმენლობისა და თავხედობის ანალოგიური კოეფიციენტი აქვთ. მთავარია, როგორი იქნება ახალი მოძრაობის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ შეგუებადობა. რაც შეეხება მოძრაობის მიზნებს, მიზანი კვლავ ძლაუფლების სავარძლებზე განთავსება იქნება, თუმცა განსხვავებული გზებით“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
რაც შეეხება სოციალური ბუნტის საფრთხეს, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამის შესახებ საზოგადოებაში გადაჭარბებული მოლოდინებია, თუმცა გამორიცხული არაფერია, თუ გონიერება არ გაიმარჯვებს და ხელისუფლება არ შეაჩერებს გამოცდას, რომელსაც მოსახლეობას უწყობს.
„საჭიროა გონიერი ნაბიჯის გადადგმა. სააკაშვილს აქვს შანსი მეორედ მოსვლის. ნუ ჩათვლის, რომ მისი ცხოვრება გასულია. რაც დიდ ხანს დარჩება ის ერთ თანამდებობაზე, მით უარესი მისი მომავალი პოლიტიკური კარიერისთვის, ამიტომ, იმედი მაქვს, გონივრულობა გაიმარჯვებს“, – დასძინა ცისკარიშვილმა.