საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდზე აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის აუცილებლობაზე.
როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოლაპარაკებებზე აღინიშნა მისიის მიმართ რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებების მიუღებლობა.
ხაზი გაესვა, რომ მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია კიდევ უფრო აბრკოლებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის განხორციელებას.
„ვრცლად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება. აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციასა და უკანონო სამხედრო წვრთნებზე, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.
მონაწილეებმა საქართველოდან შეშფოთება გამოხატეს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო. მათ პროვოკაციად შეაფასეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება ე.წ. „საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებზე კომისიის“ შექმნის თაობაზე. აღინიშნა ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და სხვადასხვა დისკრიმინაციული ზომების მიღების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება. ხაზი გაესვა უკანონო დაკავებებისა და გატაცებების მიუღებლობას. ამ კონტექსტში იქნა განხილული სასულიერო პირთა თავისუფლების თვითნებურად აღკვეთა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე ადგილობრივი მოსახლეობის წვდომის შეზღუდვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერება განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა ორივე სამუშაო ჯგუფში.
„საქართველოს წარმომადგენლებმა ეთნიკური წმენდის გაგრძელებად შეაფასეს აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი ქართველი მოსახლეობის იძულება უცხოელებად დარეგისტრირებაზე და მათი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების შემდგომი შეზღუდვა. შეშფოთება გამოითქვა აგრეთვე გალისა და ახალგორის რაიონებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მძიმე შედეგებთან დაკავშირებით“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათივე ცნობით, თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე საგნობრივი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე.
„მათ ხაზი გაუსვეს ამ საკითხზე რუსეთის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციის მიუღებლობას. აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დევნილთა საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებები.
მოლაპარაკებების წინა დღეს გაიმართა საინფორმაციო სესია თემაზე: „კონფლიქტთან დარეგულირების პროცესებში დამკვიდრებული პრაქტიკა და პრინციპები“,- აღნიშნულია განცხადებაში.