საზოგადოება
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მთლიანად ჩავარდა - რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების ფრაგმენტები

     საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. „რუსეთის დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ ჟენევაში უფრო პროდუქტიული მუშაობის უზრუნველყოფის ერთადერთი საშუალება ისაა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა პირდაპირი ანგარიშგასაწევი დიალოგი დაიწყონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან და უარი თქვან კონფრონტაციულ პროპაგანდისტულ აქციებზე სხვა საერთაშორისო ასპარეზებზე.

სამწუხაროდ, ეს მოწოდება არ იქნა აღქმული ქართული მხარის მიერ, რომელიც რაუნდის მსვლელობისას აგრძელებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „რუსული ოკუპაციის“ შესახებ სულელური თეზისის გაშლას, აგრეთვე ცდილობდა, პოლიტიზებულ პლანში წარმოედგინა თავისი მოქალაქეების ა. ტატუნაშვილის, გ. ოთხოზორიას და დ. ბაშარულის დაღუპვის ტრაგიკული ინციდენტები. ამ თემაზე პოლემიკა განსაკუთრებით ემოციური იყო“.

„ქართული მხარე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელთა მხარდაჭერით, ცდილობს, სტაბილურობის განმტკიცებისათვის სერიოზული პროფესიული მუშაობა აგრესიული პოლიტიკური პიარით ჩაანაცვლოს. ამასთან, გამუდმებით ახდენს ხაზგასმული უპატივცემულობის დემონსტრირებას ორი რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების და ხელისუფლების ორგანოების მიმართ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების წარმომადგენლებმა ამგვარი მდგომარეობის მიუღებლობის შესახებ განაცხადეს და აზრი გამოთქვეს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სხდომათა პერიოდულობა უნდა შემცირდეს“.

„სამწუხაროდ, არ შედგა კონსტრუქციული საუბარი ძალის გამოუყენებლობის შესახებ დისკუსიების მონაწილეთა ერთობლივი განცხადების პროექტთან დაკავშირებით. საქართველოს დელეგაცია დაჟინებით მოითხოვდა მიუღებელ ამერიკულ ვარიანტზე მუშაობის გაგრძელებას, რომელსაც, ფაქტობრივად, აფხაზები და სამხრეთელი ოსები ამ დოკუმენტიდან გაჰყავს.

რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში ნატოს გაძლიერებული აქტიურობის მიუღებლობას, რაც სერიოზულ საშიშროებას უქმნის რეგიონში უსაფრთხოებას. ხაზგასმული იქნა, რომ მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი შესაბამისი საპასუხო ზომების უფლებას იტოვებენ“.

ჟენევაში მომდევნო შეხვედრა 2018 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.