აქტუალური
ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას, ის სიღარიბის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა - მამუკა ბახტაძე

     საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ქვეყანაში სოციალურად მდგრადი და ეფექტიანი ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ჩამოყალიბებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას და ის ადამიანებს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრების საშუალებას არ აძლევს.

გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება, რისთვისაც დაგეგმილია კაპიტალის ბაზრის რეფორმის, საპენსიო რეფორმის, საჯარო კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარების, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ჩამოყალიბება და ხარისხობრივი და ტექნოლოგიის ტრანსფერზე ორიენტირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, მაგრამ ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებში გავზარდოთ მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების წილი. ამათგან მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში სოციალურად მდგრადი და ეფექტიანი ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად.

ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას, ეს არის სწორედ ის რელევანტური შეფასება, რაც შეიძლება მივცეთ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებულ სიტუაციას. იგი არის სიღარიბის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. ერთის მხრივ, ამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს, მეორე მხრივ, ადამიანები, რომლებსაც შეექმნებათ პრობლემები, ამოვარდნილი არიან აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი მოსახლეობიდან დაახლოებით 630 000 ადამიანი დღეს არის ეგრეთ წოდებულ შავ სიაში და მოკლებულია განახორციელოს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრება. ამ ადამიანთა რიცხვში არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნესპროექტები, არიან მცირე მეწარმეები, რომლებიც ვერ ავითარებენ თავიანთ პოტენციალს, ვერ ასაქმებენ ხალხს. უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემამ მათი ეკონომიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება გამოიწვია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 25, 30 პროცენტი მოკლებულია საშუალებას, რომ ჩართული იყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ინკლუზიურ ზრდაზე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და დასძინა, რომ ეს მოსაზრება მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ.

ბევრი კრიტიკა მოვისმინე ამ საკითხზე. სრულიად უსაფუძვლო. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება, ეს არის მოსაზრება, რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ. მხარდაჭერილია ყველა ჩვენი ძირითადი პარტნიორის მიერ. ეს იქნება სწორედ ჯანსაღ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ცვლილება თამაშის წესებში. ყველაფერი, რაც მოგახსენეთ, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საქართველოს, როგორც საიმედო, კომფორტული და სტაბილური პარტნიორის იმიჯზე. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენი ეკონომიკისთვის სასიცოცხლო ამოცანის შესრულება ნიშნავს საქართველოს უფრო ეფექტურ ინტეგრირებას მსოფლიო ეკონომიკაში”, - განაცხადა მან.
1tv.ge