აქტუალური
მობილური ნომრები პორტაბელური გახდება

mobil-poneხვალიდან მობილური ნომრები პორტაბელური ხდება. ეს ნიშნავს, რომ ერთი ქსელიდან მეორეში გადასვლა ნომრის შეუცვლელად იქნება შესაძლებელი. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ამტკიცებენ, რომ პორტაბელურობის შემდეგ მობილურ ბაზარზე დიდი ცვლილებები მოხდება. გაიზრდება კონკურენცია კომპანიებს შორის, რასაც, პირველ რიგში, ტარიფის შემცირება და სერვისის გაუმჯობესება უნდა მოჰყვეს.

აბონენტი ერთი ქსელიდან მეორეზე ერთიანმა ადმინისტრატორმა უნდა გადართოს. ის ცხრაკაციანმა სატენდერო კომისიამ სამი კომპანიიდან შეარჩია. ტენდერში გამარჯვებულად "მედია პრო-ჯორჯია" დაასახელეს, რომელიც, როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ამბობენ, ლიტვური კომპანიაა. თუმცა მობილურ კომპანიებში განმარტავენ, რომ ახალი ადმინისტრატორი ქართული ჯგუფია, რომელიც უკვე ნაცადი სქემით, საერთაშორისო კომპანიის სახელით შემოიყვანეს.

ახალი მომსახურებისთვის სატელეფონო კომპანიებმა ოპერატორს ფული უნდა გადაუხადონ. მომსახურება მათ საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ, თითოეულ ნომერზე 38 ევროცენტი, იმის მიუხედავად, დასჭირდება მას თუ არა ნომრის ტექნიკური მომსახურება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაზრის ლიდერებს, "მაგთისა" და "ჯეოსელს", თითქმის თანაბარი რაოდენობით, 8-9 მილიონამდე, ნომერი აქვთ, მათ 4 მილიონამდე დოლარი ექნებათ გადასახდელი. და თანაც, ტექნიკური ოპერატორისთვის ამ თანხის გადახდა მათ ყოველწლიურად მოუწევთ.