სამართალი
ოზურგეთის სასამართლომ დეპუტატის ცემის ფაქტზე „ქართული ოცნების" წევრს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

      საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრ ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

„ეს გადაწყვეტილება იყო არასამართლიანი. ნაკლებად მძიმე დანაშაულია და არასამართლიანად მიმაჩნია 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო აღელვებული და ქათამაძეს ესროლა მაგიდის დროშის სადგამი. იგი ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს”, - აცხადებს ადვოკატი მერაბ ფუტკარაია.

საქმის პროკურორის შოთა ჩხაიძის ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, გამოიკვეთოს სხვა პირთა ბრალეულობაც.

ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი 15 ივნისს მოხდა.

პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარი ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების ნაწილად შეაფასა. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.