რელიგია
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ქართველი ხალხი, რომელიც ბურჯია რეგიონში მართლმადიდებლობის და ქრისტიანობის! - მიტროპოლიტი ემანუელი

      საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა მიტროპოლიტმა ემანუელმა.

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ორი მიტროპოლიტია, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ღვთისმსახურებას დაესწრო. პატრიარქმა საპატიო სტუმრებს ამბიონიდან მიმართა და ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მიტროპოლიტმა ემანუელმა და სმირნის მიტროპოლიტმა ბათლომეუსმა ილია მეორეს მსოფლიო პატრიარქის მოკითხვა გადასცეს და აღნიშნეს, რომ მსოფლიო საპატრიარქო ქართული ეკლესიის მხარდამჭერია და წლების განმავლობაში არსებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ქართველი ხალხი, რომელიც ბურჯია რეგიონში მართლმადიდებლობის და ქრისტიანობის. უზომოდ მოხარულები ვართ, თქვენო უწმინდესობავ, მოგესალმებით გულითადად სმირნის მიტროპოლიტი და მე, რომლებმაც თქვენთან ერთად მონაწილეობა მივიღეთ საღმრთო ლიტურგიაში და ვეზიარეთ უხრწნელ სისხლსა და ხორცს.

თქვენთან ჩამოტანილი გვაქვს ძმური სიყვარული მისი ყოვლდაუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის და დედაეკლესიის, რომელიც არის მსოფლიო ეკლესიის გვირგვინი. იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რაზეც გვიწევდა საუბარი წინა შეხვედრებისას და ახლაც, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე თქვენთან ვთანამშრომლობთ. მთლიანად მსოფლიო საპატრიარქო და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ არის თქვენ გვერდით ყველა იმ საკითხში, რაშიც საჭიროებს თქვენი ეკლესია მხარდაჭერას და დახმარებას. ყოველთვის გწამდეთ, რომ მსოფლიოს საპატრიარქო ყველა იმ წამოწყებულ საქმეში, რომელსა უკვე ოთხი ათწლეულია ემსახურებით, ყოველთვის იქნება თქვენი თანაშემწე. იმ დღიდან, რა დღიდანაც ბიზანტია, როგორც იმპერია არსებობდა და იყო ძმური ურთიერთობა მათ შორის, ეს დღემდე გრძელდება და ამის შემდეგაც გქონდეთ იმედი ჩვენი. უნდა გაღრმავდეს ჩვენ შორის ურთიერთობა. გისურვებთ დღეგრძელობას“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ემანუელმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპატიო სტუმრებს საჩუქრად ხატები გადასცა.

ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ დღეს ჩვენთან იმყოფებით. დღეს შესრულდა წმინდა წირვა სამების ტაძარში, სადაც მოვიხსენიეთ ყველა პატრიარქი და მღვდელმთავარი”, - განაცხადა ილია მეორემ.

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ჩამოსვლა, სავარაუდოდ, უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე პროცესს უკავშირდება.

ამ თემაზე ასევე წაიკითხეთ:

უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო მოვლენები რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა ილია მეორესთან განიხილა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეგრეთ წოდებულ კიევის საპატრიარქოს არ ცნობს