პოლიტიკა
30–მდე არასამთავრობო ორგანიზაცია გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხის საჯარო განხილვას ითხოვს
garemos_dacva2არასამთავრობო ორგანიზაციები გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის სქემის პარლამენტში განსახილველად წარდგენის შეჩერებასა და სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხის ფართო საჯარო განხილვის დაწყებას ითხოვენ.
30–მდე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია: "საზოგადოებისთვის უცნობია, რა არის მთავრობის მიერ გახმოვანებული ცვლილებების რეალური მიზეზი - პრეზიდენტის მიერ დასახელებული ხარვეზების აღმოფხვრის სურვილი თუ ბოლო წლებში არსებული ტენდენციის გაგრძელება, რომელიც გარემოსდაცვითი მოთხოვნების კიდევ მეტი უგულებელყოფისკენ არის მიმართული. მთავრობის მიერ "სამინისტროს რეორგანიზაციის პროექტის" სახელით წარმოდგენილი…სქემა საფრთხეებს შეიცავს. მნიშვნელოვანია, რომელი უწყება იქნება პასუხისმგებელი გარემოსდაცვითი მოთხოვნების დადგენაზე და მათი შესრულების კონტროლზე; მნიშვნელოვანია, ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მოხმარებას შორის ინტერესთა კონფლიქტის საფრთხე იყოს გათვალისწინებული. დაუშვებელია, რომ ბუნებრივი რესურსების ლიცენზირებისა და სალიცენზიოს (სანებართვო) პირობების კონტროლის ფუნქციები ერთ უწყებაში მოექცეს, მით უმეტეს - რესურსების მაქსიმალურად მოხმარებაზე ორიენტირებულ ენერგეტიკის სამინისტროში; არსებობს საშიშროება, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსადმი დაქვემდებარებით მათი ძირითადი ფუნქცია - ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების კონსერვაცია, დაცვა და შენარჩუნება შეილახოს, რადგან მთავრობის წევრების განცხადებებიდან ჩანს, რომ დაცული ტერიტორიები მხოლოდ ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ საშუალებად მიაჩნიათ. აღნიშნული რეორგანიზაცია გარემოს მდგომარეობაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს. სახელმწიფო ვალდებულია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, იმ ეტაპზე, სანამ არჩევანის გაკეთება ჯერ კიდევ შესაძლებელია, საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოს".