საზოგადოება
ვინ ვერ მოხვდება საქართველოს ახალ მთავრობაში

     საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი მამუკა ბახტაძე თანაპარტიელებთან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოდან“ მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს, მანამდე კი ქართულ მედიაში პროგნოზები კეთდება.

„ქართულმა ოცნებამ“ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე პრემიერის პოსტზე ხუთშაბათს დაასახელა, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომიდან რამდენიმე საათში. ამჟამად მთავრობის ყველა წევრი მოვალეობის შემსრულებელია. ახალი პრემიერი და მთავრობა საქართველოს 13 დღის განმავლობაში ეყოლება.

ტელეარხ TV Pirveli-ს მონაცემებით, ბახტაძის მთავრობაში არ იქნებიან დიმიტრი ქუმსიშვილი (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო), თეა წულუკიანი (იუსტიციის სამინისტრო), მიხეილ ჯანელიძე (საგარეო საქმეთა სამინისტრო), მიხეილ ჩხენკელი (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) და მიხეილ გიორგაძე (კულტურისა და სპორტის სამინისტრო).

ამასთან, TV Pirveli ამტკიცებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრი გახდება.

თავის მხრივ, ტელეარხი Rustavi 2 მიიჩნევს, რომ ქუმსიშვილის ნაცვლად ეკონომიკის სამინისტროს მაია ცქიტიშვილი უხელმძღვანელებს (ამჟამინდელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი), ან თანაინვესტირების ფონდის დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.

ცქიტიშვილის წასვლის შემთხვევაში რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტი, შესაძლოა, მისმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ დაიკავოს.

Rustavi 2-ის თვალსაზრისით, შეიცვლებიან კულტურისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. საგარეო უწყებას სათავეში აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე შეიძლება ჩაუდგეს.

ტელეარხი Imedi ვარაუდობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე დატოვებს თანამდებობას. თუმცა, ამ ტელეარხის მონაცემებით, მას არა დავით ბაქრაძე, არამედ თავისივე მოადგილე დავით ზალკალიანი შეცვლის.

გარდა ამისა, Imedi აანონსებს მიხეილ გიორგაძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის წასვლას. ხოლო ფინანსთა მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტად დანიშვნის შემდეგ ვაკანტური გახდება, შესაძლოა, ბახტაძის ამჟამინდელმა მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ დაიკავოს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელსაც შვიდი დღე ჰქონდა საიმისოდ, რომქართულ ოცნებასთანშეთანხმებით ახალი პრემიერის კანდიდატურა პარლამენტისთვის წარედგინა, ეს პარასკევს, კვირიკაშვილის გადადგომიდან ორ დღეში გააკეთა.

მამუკა ბახტაძეს ხუთი დღე აქვს დარჩენილი, რათა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა განსაზღვროს და სამთავრობო პროგრამის პროექტი მოამზადოს. შემდეგ კი ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტი ამ მონაცემებს გაეცნობა და ნდობას გამოხატავს. ამისათვის პარლამენტის დეპუტატთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერაა საჭირო.