სამართალი
QNET-ის უკან ეკა ბესელიას ოჯახი დგას - გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის სკანდალური დასკვნა

     საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. გამომძიებელმა ჟურნალისტთა ჯგუფმა IFACT-მა დაადგინა, რომ ქსელური მარკეტინგის კომპანია QNET-ის უკან “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას ოჯახი დგას. QNET-ის ქსელში საქართველოში ათასობით ადამიანია გაწევრიანებული, მათმა ნაწილმა კომპანიაში ფული ჩადო და დაკარგა.

დოკუმენტების შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ეკა ბესელიას ძმა - სერგო ბესელიაა, დირექტორის პოსტს კი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დის ცირა ბესელიას მეუღლე - იასე ზაუტაშვილი იკავებს.

დეპუტატმა ეკა ბესელიამ ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრებს QNET-თან შეხება არ აქვთ.

თუმცა ირკვევა, რომ QNET-ის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოში მათ წარმომადგენლად თბილისში, გამრეკელის ქუჩა N19-ში მდებარე შპს დრიმლაინიამითითებული. საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, კომპანია „დრიმლაინის“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ეკა ბესელიას ძმა - სერგო ბესელიაა, დირექტორი კი დეპუტატის დის ქმარი - იასე ზაუტაშვილი. ზაუტაშვილი „კურიერთან“ ადასტურებს, რომ მისი კომპანია QNET-ის წარმომადგენელია.

ეკა ბესელიას ოჯახის კუთვნილი კომპანია „დრიმლაინი“, რომელიც QNET-ის ოფიციალური წარმომადგენელია, ეკა ბესელიას ოფისშია განთავსებული.

QNET-ის აგენტები, ვინც კომპანიაში ფული ჩადო და შემოსავალს ელოდება, სატელევიზიო კამერის წინ კომენტარს არ აკეთებენ, ამიტომ „კურიერი“ ერთ მოქალაქეს ესაუბრა, რომელიც ტელეფონით ყვება იმ ფსიქოლოგიურ წნეხზე, რასაც ხალხი QNET-ის ოფისში განიცდის.

QNET ყიდის, მაგალითად, აურის გამწმენდ ქვას, რომლის ფასიც 1000 ლარზე მეტია. „კურიერის“ არქივში ინახება კომპანიის წარმომადგენლის ინტერვიუ, რომელიც ადასტურებს ქვებით ვაჭრობის ისტორიას.

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე განმარტავს, თუ როგორ მუშაობს QNET და მისი წარმომადგენლობა „დრიმლაინი“, რომელიც ეკა ბესელიას ოჯახს ეკუთვნის. თავდაპირველად მოქალაქე QNET-ის წევრი ხდება და პროდუქციაში ფულს იხდის, შემდეგ ამავე ქსელში თავისი ნაცნობები მიჰყავს და უკვე მათ მიერ გადახდილი თანხიდან თვითონ იღებს პროცენტს, რის შემდეგაც ქსელში ჩართული და დაზარალებული ადამიანების რიცხვი იზრდება. გიორგი კეპულაძე ამ სისტემას ფინანსურ თაღლითობას უწოდებს.

QNET მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აკრძალულია. კანადამ ეს ქსელი ფინანსურ პირამიდად გამოაცხადა.